რა უნიკალური თვისება აქვს ქართულ თაფლს და რამდენად მომგებიანია ეს ბიზნესი

რა უნიკალური თვისებებით გამოირჩევა ქართული თაფლი, რამდენად მომგებიანია თაფლის ბიზნესი და რატომ ვერ გადის ევროპის ბაზარზე, ამის გასარკვევად AMBEBI.GE "საქართველოს პროფესიონალ მეფუტკრეთა ასოციაციის" პრეზიდენტს, მეფუტკრე თემურ ღოღობერიძეს ესაუბრა.

- ქართული თაფლის უნიკალურ თვისებად ის შეიძლება ჩაითვალოს, რომ გარდა საკვები და სამკურნალო დანიშნულებისა, საქართველოში გვაქვს 7 ზონა, ამ ზონებში აღებული თაფლი ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება ფერითა და გემოთი. თუ შენახვისა და ტრანსპორტირების დროს თაფლი არ ფუჭდება, ყველას ერთნაირი თვისებები აქვს, მაგრამ გემოთი, სუნით და ფერით განსხვადებიან.

- რა პერიოდში იღებთ თაფლს?

- თაფლის აღება ანუ თაფლის ღალა დასავლეთ საქართველოში და ველის ზონაში, ისევე როგორც კახეთის ზონაში, მაისის პირველ რიცხვებში იწყება და გრძელდება მაღალმთიან ზონაში, სადაც ივლის-აგვისტოშიც მოდის თაფლი.

- რა ხარჯებს მოითხოვს ეს საქმიანობა? რა ღირს ფუტკრის ოჯახის შეძენა?

- თუ სკაში ჩასახლებული ფუტკარის, ანუ ფუტკრის ოჯახის შეძენა გინდათ, ამჟამად, ყველაზე უფრო მცირე ფუტკრის ოჯახის ღირებულება დაახლოებით 250-300 ლარამდე მერყეობს და ისიც იმის გამო, რომ ზამთარია და ფასი დაბალია. გაზაფხულზე იგივე ოჯახები შეიძლება 300-350 ლარი ღირდეს. ხოლო თავის სკიანად, ყველაზე უფრო ნაკლები ერთი ფუტკრის ოჯახის ფასი დაახლოებით, 350 ლარია.

- დახლოებით რამდენი ფუტკარია ერთ სკაში ანუ ერთ ოჯახში?

- წელიწადის სხვადასხვა დროს რაოდენობა სხვადასხვაა, მაგრამ ფუტკრის სტანდარტულ ოჯახში მათი რაოდენობა 20-25 ათასიდან 50-60 ათასამდე იცვლება. ფუტკრის ოჯახში ფუტკრები მუდმივად იცვლებიან. ყველაზე უფრო სწრაფად ზაფხულის პერიოდში იცვლება, - ამ დროს ფუტკარი მაქსიმუმ 40 დღე ცოცხლობს, ზამთარში კი 150 დღემდე. ძალიან იშვიათად შეიძლება, 200 დღემდე იცოცხლოს. ფუტკრის ოჯახში ყველაზე დიდხანს დედა ფუტკარი ცოცხლობს, ძირითადად 3-5 წელი.

- რამდენად პროდუქტიულია ერთი ფუტკრის ოჯახი, თაფლს ყველა ფუტკარი იძლევა?

- ფუტკრის ოჯახების პროდუქტიულობა დამოკიდებულია ამინდზე, მერე თვითონ მეფუტკრის კვალიფიკაციაზე, ამის შემდეგ იმ ადგილზე,

თუ სად არის განთავსებული სკა.

- იცვლება თუ არა თაფლის ფასი, რაზეა ფასი დამოკიდებული?

- ფასი შედარებით ნაკლებად იცვლება, რადგან საქართველო გაჯერებულია ამ პროდუქციით. მიუხედავად იმისა, რომ წელს ცუდი მოსავალი იყო, თაფლის ფასი შარშანდელთან შედარებით 10%-ით გაიზარდა, იმ დროს, როდესაც სხვა სამრეწველო საქონელზე ფასები გაცილებით მეტად გაიზარდა. ამჟამად ყველაზე დაბალი, საცალო ფასი 10-12 ლარია, საშუალო ფასი 15-18 ლარის ფარგლებში მერყეობს, მაქსიმალური ფასი კი 25 ლარია, წელს განსაკუთრებით მოთხოვნა წაბლის თაფლზე იყო.

- წაბლის თაფლი ახსენეთ, რომელიც ყველაზე ძვირია, რატომ? რითია განსაკუთრებული?

- წაბლის თაფლს აქვს თავისებური სუნი, ოდნავ მომწაროა, მისი ფალსიფიცირება საკმაოდ ძნელია და ამის გამოა, რომ ხშირად ექიმბაშები წაბლის თაფლს იყენებენ. ამას გარდა, თურქეთში მუქი ფერის თაფლზე დიდი მოთხოვნაა, წაბლის თაფლის უმეტესად თურქეთში გადის.

- ქართული თაფლი რომელ ქვეყნებში გადის?

- ძირითადად ჩვენს მეზობელ ქვეყნებში - აზერბაიჯანში და თურქეთში, მაგრამ ორივე ქვეყანაში გატანა კონტრაბანდულ სახეს ატარებს. ევროპაში ჩვენი თაფლი უკეთეს შემთხვევაში, 5-10 წელი ვერ გავა იმიტომ, რომ ბევრი რამ გვაქვს შესაცვლელი. პირველ რიგში, ტექნიკური ხასიათის პრობლემებია. ევროპაში სურსათზე მოთხოვნა ძალიან გამკაცრებულია, ამას გარდა, ევროპა დაინტერესებულია თავისი მეცხოველეობის პროდუქტების გასაღებით და მეცხოველეობის პროდუქციაში ამჟამად თაფლიც შედის. როგორც იტყვიან, ევროპა თავის ბაზარს კბილებით იცავს.

თეა ბეჟიტაშვილი

AMBEBI.GE