ოთარ დანელიამ წლის საუკეთესო მიკრომეწარმე დააჯილდოვა

საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციისა და მიკროსაფინანსო ცენტრის (MFC, პოლონეთი) ორგანიზებით, კონკურსი "მიკრომეწარმე 2015" გაიმართა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსის მთავარ ნომინაციაში - "წლის საუკეთესო მიკრომეწარმე" გამარჯვებულს, სასათბურე მეურნეობის მფლობელს, თამაზ ნამორაძეს ჯილდო სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ გადასცა. სოფლის მეურნეობის მინისტრმა მადლობა გადაუხადა კონკურსის ორგანიზატორებს და აღნიშნა, რომ უმნიშვნელოვანესია როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორის მხრიდან მეწარმეობის განვითარების ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელება.

"საქართველოს აგრარული დარგის განვითარების დიდი პოტენციალი აქვს, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ჩვენი შესაძლებლობები. ფინანსური ინსტიტუტების ჩართულობა და მათი მხრიდან მეწარმეთა ხელშეწყობა კი, ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორია, რამაც ბიზნესის განვითარება უნდა უზრუნველყოს", - განაცხადა ოთარ დანელიამ.

კონკურსის მთავარ ნომინაციაში გამარჯვებულმა, თამაზ ნამორაძემ მადლობა გადაუხადა კონკურსის ორგანიზატორებს, საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენელებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ უპირველესი, რამაც მას საქმიანობის დაწყება შეაძლებინა, სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია იყო.

"სარწყავი სისტემის რეაბილიტაციამ შესაძლებლობა მომცა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა დამეწყო. წყლის გარეშე ვერაფერს შევძლებდი. დაუმუშავებელი მიწა პრაქტიკულად აღარ გვაქვს. სწორედ ამიტომ, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო სოფლის მეურნეობის სამინისტროს", - აღნიშნა თამაზ ნამორაძემ.

პროექტი "მიკრომეწარმე 2015" პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, პოლონეთის განვითარების თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე