ევროკავშირის ახალი პროექტის პრეზენტაცია გაიმართება

სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" 2 დეკემბერს, ევროკავშირის ახალი პროექტის პრეზენტაცია გაიმართება. როგორც იუსტიციის სამინისტროში იუწყებიან, პროექტს ახორციელებს GIZ-ის (გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება) პროგრამა "ევროპულ სტანდარტებთან სამხრეთ კავკასიის სამართლებრივი დაახლოება". ღონისძიებას საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე დაესწრება.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, პრეზენტაციის მონაწილეებს მიესალმებიან ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილე კარლო ნატალე, გერმანიის საელჩოს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი კატარინა დერკორნი და GIZ-ის სამხრეთ კავკასიის ოფისის ხელმძღვანელი მარია შეფერი.

სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ხანგრძლივობა 2 წელია და მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 2 მილიონ ევროს. პროექტის მიზანია კერძო და ადმინისტრაციული სამართლის სისტემების განვითარების ხელშეწყობა, ამ მიმართულებებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთვის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარება.

"პროექტის მიზნები შეესაბამება საქართველოს ნაკისრ ვალდებულებებს ევროკავშირის სამართალთან სამართლებრივი დაახლოების კუთხით, პროცესი, რომელიც კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება 2014 წლის ივნისში ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (AA/DCFTA) ხელმოწერის შემდეგ", - აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.