საავტომობილო გზებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვები დაწესდა

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავტოტრანსპორტის მოძრაობასთან დაკავშირებით შეზღუდვებს აწესებს. როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში იუწყებიან, მოძრაობის უსაფრთხოების მიზნით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო (ქარბუქი, თოვლი, სუსტი ხილვადობა) შეზღუდვებს აწესებს: კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ნარდევანი-როდიონოვკა (ფარავანი)). მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ლიპყინულის გამო მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კმ80-კმ136 (მლეთა-დარიალის ხეობა) მონაკვეთზე მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტისათვის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ამავე გზის კმ134-კმ135 (დარიალის ხეობა) მონაკვეთში ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება.

დიდთოვლობის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ147-კმ188 (მულახი-უშგული) მონაკვეთში აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.