SMS რეკლამების უკანონოდ გაგზავნის გამო 16 კომპანია დააჯარიმეს

„კარგად დაფიქრდით, სანამ რომელიმე ორგანიზაციას თქვენი ტელეფონის ნომერს გაუმჟღავნებთ“

ყოველი ჩვენგანი ყოველდღე სხვადასხვა შინაარსის სარეკლამო sms-შეტყობინებას იღებს. კომპანიების შემოთავაზებები, მათი ავტორების მსგავსად, საკმაოდ მრავალფეროვანია, ჩამონათვალი კი ვრცელი: ბანკები, ტექნიკისა თუ ავტომანქანის საბურავების მაღაზიები, სამედიცინო კლინიკები, ფარმაცევტული თუ ბოლო დროს ასე გააქტიურებული ონლაინ სესხების კომპანიები ხშირად მიმართავენ პროდუქციისა თუ სერვისის რეკლამირების ამგვარ ფორმას. როგორც ჩანს, რამდენადაც გამაღიზიანებელი და ხელისშემშლელიც არ უნდა იყოს სარეკლამო sms-ს შეტყობინების მიღება, მომხმარებელი ხშირად არ აგზავნის საპასუხოდ ასეთი სახის შეტყობინების აკრძალვის „მესიჯს“. კომპანიებს კი ამ ტიპის რეკლამა გაცილებით იაფი უჯდებათ.

საქონლისა და მომსახურების დაჟინებულ შეთავაზებას ტელეფონით, ელექტრონული ფოსტით ან სხვა საშუალებით, მომხმარებელთა უფლებების დარღვევად განიხილავს სტრატეგიული კვლევისა და განვითარების ცენტრის მომხმარებელთა დაცვის პროგრამის ხელმძღვანელი, ლია თოდუა.

,,რა თქმა უნდა, ეს არის მომხმარებლის უფლებების დარღვევა, თუ ადამიანს არ გამოუთქვამს სურვილი, რომ მიიღოს სარეკლამო შეტყობინებები, არც უნდა მიიღოს. როცა ამოქმედდება ევროპული წესები, ეს ასეც იქნება. ევროკავშირში აკრძალულია იძულებითი სარეკლამო შეტყობინებების გაგზავნა იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც არ გამოუთქვამთ მათი მიღების სურვილი.

მომხმარებელთა დაცვის მიზნით პირიქით უნდა ხდებოდეს - თუ პიროვნებას სურს მიიღოს სარეკლამო შეტყობინება, მხოლოდ მაშინ უნდა ეგზავნებოდეს. ბიზნესმა თავისი ჯიბე თავად უკეთ იცის, მაგრამ რადგან ამაში თანხას ხარჯავს, სავარაუდოა, რომ სარეკლამო შეტყობინებების გაგზავნით გაყიდვები ეზრდებათ,“- აღნიშნა ლია თოდუამ.

2014 წლის ნოემბრიდან კერძო სექტორის მიმართ სრულად ამოქმედდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონი, რომელიც სარეკლამო შეტყობინების გაგზავნაზე რეგულაციებს აწესებს. შესაბამისად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის უფლებამოსილება – განიხილოს მოქალაქეთა განცხადებები ან შეამოწმოს ორგანიზაციები, სარეკლამო შეტყობინების გაგზავნის კანონიერებასთან დაკავშირებით, სწორედ მას შემდეგ შევიდა ძალაში.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის, სალომე ბახსოლიანის თქმით, კანონმდებლობით დაშვებულია, როგორც მოკლე ტექსტური შეტყობინებით, ასევე ელექტრონული ფოსტის, ან სატელეფონო ზარით სხვადასხვა სერვისის, ან პროდუქტის შეთავაზება, თუმცა გარკვეული წესები მოქმედებს და ეს წესები უნდა დაიცვან ორგანიზაციებმა.

,,ზოგადად, მარკეტინგი sms-ის საშუალებით დასაშვებია, თუმცა აუცილებელია, რომ სარეკლამო შეტყობინება შეიცავდეს მითითებას, რომ აბონენტს, ადრესატს უფლება აქვს მომავალში უარი თქვას ასეთი სარეკლამო შეტყობინების მიღებაზე. ახალი კანონმდებლობის ამოქმედებამდე საჭირო იყო ორგანიზაციისთვის წერილობითი მიმართვა, რაც ძალიან ბევრ დაბრკოლებას ქმნიდა და შესაბამისად, მომხმარებლისთვის მოუხერხებელი იყო. ცვლილებების შედეგად მოქალაქეებისთვის პროცესი გაცილებით გამარტივდა და დაინერგა ე.წ. ,,სმს-ოფის“მექანიზმი, რომელიც ტერმინად დამკვიდრდა, როგორც სარეკლამო შეტყობინებაზე უარის თქმის საშუალება,“ – ამბობს სალომე ბახსოლიანი.

მოქმედი კანონმდებლობით არ არსებობს შეზღუდვები კვირისა თუ თვის განმავლობაში, რა რაოდენობის სარეკლამო შეტყობინება შეიძლება გაუგზავნოს კომპანიამ ადრესატს. თუმცა, ორგანიზაციების მიმართ არსებობს ვალდებულება, რომლის თანახმადაც, მას შემდეგ, რაც აბონენტისგან მიიღებს მოთხოვნას, შეწყვიტოს მისთვის სარკლამო შეტყობინების გაგზავნა, აღნიშნული უნდა დაკმაყოფილდეს ათი სამუშაო დღის ვადაში და აღარ გაუგზავნოს მას სარეკლამო ხასიათის შეტყობინება.

,,მიმდინარე წელს არაერთი განცხადება შემოვიდა. გარდა ამისა, ჩვენი ინიციატივით შევამოწმეთ 17 ორგანიზაცია. როგორც დადგინდა, კომპანიებს არ აქვთ ერთიანი მონაცემთა ბაზა, ინფორმაცია, ტელეფონის ნომრების შესახებ და ინფორმაციას სხვადასხვა წყაროდან მოიპოვებენ. ხშირ შემთხვევაში, ტელეფონის ნომრები მათივე კლიენტების მიერაა მიწოდებული, ან მიღებულია მარტივი ალგორითმების მეშვეობით, მაგალითად, მობილური ტელეფონის ინდექსს უმატებენ ციფრთა კომბინაციას, ან სხვადასხვა წყაროდან მიღებულ მონაცემებს იყენებენ იმისთვის, რომ შემდეგ გააგზავნონ სარეკლამო შეტყობინებები.“ – განმარტავს სალომე ბახსოლიანი.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის სამსახურში განმარტავენ, რომ მომხმარებელთა საჩივრის საფუძველზე, კომპანიების მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებული რეგულაციების დარღვევის გამო, წელს 16 ორგანიზაცია 3-3 ათასი ლარით დაჯარიმდა. უფრო კონკრეტულად კი ამ შემთხვევაში მომხმარებლებმა შეტყობინების მიღებაზე უარი განაცხადეს, თუმცა ათი დღის გასვლის შემდეგ მაინც მიიღეს სარეკლამო მესიჯი.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი არასასურველი სპამებისგან თავის დაცვის მიზნით, მომხმარებელს ურჩევს: პირველ რიგში, კარგად დაფიქრდით, სანამ ამა თუ იმ ორგანიზაციას თქვენს ტელეფონის ნომერს გაუმჟღავნებთ. დააზუსტეთ, ხომ არ იქნება ეს მონაცემი შემდგომში გამოყენებული პირდაპირი მარკეტინგის მიზნით. მიღებული ინფორმაციის შესაბამისად გადაწყვიტეთ, აფთიაქში, მაღაზიასა თუ სხვა დაწესებულებაში დატოვოთ თუ არა თქვენი მობილურის ტელეფონის ნომერი. როდესაც მიიღებთ თქვენთვის უინტერესო და არასასურველ სარეკლამო შეტყობინებას, რომელიც არ გსურთ, რომ მომავალშიც გამოგეგზავნოთ, უარი განაცხადეთ, შეტყობინებაში არსებული მექანიზმის საშუალებით და თუ მაინც, ათი სამუშაო დღის გასვლის შემდეგ მიიღებთ ამ ორგანიზაციისგან შეტყობინებას, ეს უკვე მისი მხრიდან კანონის დარღვევაა და შეგიძლიათ განცხადებით მიმართონ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექციას, სადაც შესაბამის ზომებს მიიღებენ.

სალომე ბახსოლიანის თქმით, არასასურველი ,,სპამის“ მიღებაზე უარის თქმის მექანიზმი მომავალში შესაძლოა უფრო დაიხვეწოს და შეიქმნას გარკვეული ერთიანი ბაზა, რომელშიც დარეგისტრირების შემთხვევაში, მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება ყველა რეკლამის განმახორციელებელ ორგანიზაციას აუკრძალოს მის ნომერზე შეტყობინების გაგზავნა. თუმცა როგორც სალომე ბახსოლიანი აღნიშნავს, ამ მიმართულებით მუშაობა ახალი დაწყებულია და აღნიშნული გათვალისწინებული იქნება დეპარტამენტის სამომავლო გეგმებში.

ქრისტინე გამთენაძე