ლოტოს გათამაშებაში მორიგი ჯეკპოტი 1.212.171 ლარი გათამაშდა

ლოტო 6/36-ის 610-ე გათამაშებაში მორიგი ჯეკპოტი - 1, 212,171 ლარი გათამაშდა.

როგორც საქართველოს ლატარიის კომპანიაში იუწყებიან, მომგებიანი ბილეთის მფლობელი, რომელიც 20 ნოემბერს გათამაშდა, ლანჩხუთის მკვიდრი ნუგზარ ბედინაძეა. მან მომგებიანი ბილეთი ბათუმში მდებარე ლატარიის ჯიხურში შეიძინა.

"ნუგზარ ბედინაძის ბილეთმა წარმატებით გაიარა ვალიდაციის პროცედურა. მან გახსნა პირადი ანგარიში ბანკში, სადაც კუთვნილი მოგება ორი კვირის განმავლობაში ჩაერიცხება", - აცხადებენ ლატარიის კომპანიაში. მათივე განმარტებით, ტრადიციულად წახალისდება ის ადამიანიც, ვინც ლოტოს მომგებიანი ბილეთი გაყიდა.

"ჟუჟუნა ანთაძეს საჩუქრად კომპანიისგან ჯეკპოტის ოდენობის 2% გადაეცემა, რაც 24,000 ლარზე მეტს შეადგენს", - აღნიშნავენ კომპანიაში.

ჯეკპოტის გამარჯვებულისთვის თანხის გადაცემის ოფიციალური ცერემონიალი 10 დეკემბერს, თბილისში, საქართველოს ლატარიის კომპანიის "ბეთინგ ცენტრში" გაიმართება.

"საქართველოს ლატარიის კომპანია ექსკლუზიური უფლების მქონე ლიცენზირებული ოპერატორია, რომელიც საზოგადოებას ლატარიის სხვადასხვა თამაშობებს სთავაზობს. მათ შორის არის ლოტო 6/36, რომელიც მომხმარებლებს ქვეყნის მასშტაბით უპრეცედენტოდ მაღალი თანხების მოგების შანსს აძლევს", - განმარტავენ კომპანიაში.