მარკ ცუკერბერგი „ფეისბუქის“ აქციების 99%-ს ქველმოქმედებას მოახმარს

შვილის დაბადებასთან დაკავშირებით, „ფეისბუქის“ დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი სოციალური ქსელის აქციების 99%-ს, რაც დღეისთვის 45 მილიარდი დოლარის ტოლფასია, ქველმოქმედებას მოახმარს.

ეს გადაწყვეტილება მარკ ცუკერბერგმა და მისმა მეუღლე პრისცილა ჩანმა გოგონას - მაქსის შეძენის შემდეგ მიიღეს.

წყვილის განცხადებით, მომავალი წლების განმავლობაში ისინი სხვადასხვა სახის საქველმოქმედო პროექტებში მოახდენენ თანხის ინვესტირებას.

„ფეისბუქის“ აქციები ორგანიზაცია Chan Zuckerberg Initiative-ის განკარგულებაში იქნება.

ახალშობილი მაქსისთვის გაგზავნილ წერილში მშობლები - მარკ ცუკერბერგი და პრისცილა ჩანი წერენ, რომ თანხას ადამიანების პოტენციალის განვითარებასა და მომავალი თაობის ყველა ბავშვის თანასწორობისთვის დახარჯავენ. პირველ რიგში, თანხები მოხმარდება განათლებას, სხვადასხვა სახის ავადმყოფობის წინააღმდეგ ბრძოლასა და კომუნიკაციების განვითარებას.

"გვსურს, რომ იმ მსოფლიოში, სადაც ჩვენი გოგონა გაიზრდება, ადამიანები თანასწორნი იყვნენ, ყველამ შეძლოს მკურნალობა, განათლების მიღება", - აღნიშნავს წყვილი ახალშობილი მაქსისთვის მიწერილ წერილში.

მარკ ცუკერბერგი და პრისცილა ჩანი 2012 წლის 19 მაისს დაქორწინდნენ. წყვილს გოგონა - მაქსი 1 დეკემბერს შეეძინა. 31 წლის მაკრ ცუკერბერგი ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია.