მსოფლიოში ინტერნეტ ქსელში 3.2 მილიარდი ადამიანია ჩართული

მსოფლიო 166 ქვეყანას შორის საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების ინდექსით საქართველო რეიტინგში 78-ე ადგილზე რჩება.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრები საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანების (ITU) მსოფლიო სატელეკომუნიკაციო/ICT ინდიკატორების რიგით მე-13 სიმპოზიუმში მონაწილეობენ, რომელიც ამჯერად იაპონიაში იმართება.

საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანების (ITU) მონაცემებით, მსოფლიოში ინტერნეტ ქსელში ჩართულია 3.2 მილიარდი ადამიანი, რომელიც მსოფლიო მოსახლეობის 43%-ს წარმოადგენს, ამავე დროს, 7.1 მილიარდი აბონენტი ჩართულია მობილურ სატელეფონო მომსახურების ქსელში, რაც მსოფლიო მოსახლეობის 95%-ია.

მართალია, 2010 წელთან შედარებით, როცა მსოფლიო მოსახლეობის 30% ჰქონდა სახლიდან ინტერნეტთან წვდომა, 2015 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 46% იქნება, თუმცა პროცენტულად განვითარებულ ქვეყნებში მოსახლეობის 81% სარგებლობს სახლის ინტერნეტით, ხოლო განვითარებადი ქვეყნების მხოლოდ 34.1%-ს აქვს ეს შესაძლებლობა. მიუხედავად ზრდის ნელი ტემპისა, პროგრესი ყოველწლიურია.

სწრაფი ტემპით იზრდება ფართოზოლოვანი მობილური მომსახურებების (mobile-broadband subscriptions worldwide) აბონენტების მაჩვენებელი. 2010 წელს მხოლოდ 800 მილიონი აბონენტი იყო რეგისტრირებული, 2015 წელს კი ეს მაჩვენებელი 3.5 მილიარდს შეადგენს.

კვლავ გამოწვევად რჩება განვითარებული სამყაროსთვის უნივერსალური სერვისის მიწოდების საკანონმდებლო რეგულაციების იმპლემენტაციის პროცესი, რაც სხვა მრავალ გამოწვევასთან ერთად მომავალი წლების მუშაობის საკითხი იქნება.

მსოფლიო 166 ქვეყანას შორის საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების ინდექსით საქართველო რეიტინგში 78-ე ადგილზე რჩება. მსოფლიო სატელეკომუნიკაციო/ICT ინდიკატორების მე-12 სიმპოზიუმი WTIS 2014 - თბილისი, შარშან საქართველოში ჩატარდა. საქართველომ 2014 წელს გასული ერთი წლის განმავლობაში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) განვითარების ინდექსის მიხედვით ყველაზე დინამიურად განვითარებადი ქვეყნების ჩამონათვალში მოხვედრისთვის ჯილდო მიიღო.