რატომ იზრდება არაბი ტურისტების რიცხვი ნახტომისებურად?

არაბთა გაერთიანებული საემიროები საქართველოს მიმართ არნახულ ინტერესს იჩენს. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, ამ ქვეყნიდან ტურისტები, უმეტესწილად, საქმიანი ვიზიტებით და გასართობად ჩამოდიან. ოფიციალური სტატისტიკით, ტურისტების რაოდენობა ბოლო 10 თვის განმავლობაში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 762%-ით გაიზარდა.

სპეციალისტების შეფასებით, ტურიზმის სექტორში ყველაზე მეტი მოგება სათამაშო ბიზნესს უკავშირდება. ამ მხრივ კი მუსლიმანური ქვეყნების მოქალაქეები ტოლს არავის უდებენ. ტუროპერატორების ინფორმაციით, არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან ტურისტები ყველაზე ხშირად ხუთდღიანი ტურებით ჩამოდიან და დაახლოებით 5-6 თვეში ხელმეორედ ბრუნდებიან დასასვენებლად. როგორც "რეზონანსს" ტურისტულ კომპანია "ფრი თრეველში" განუცხადეს, არაბული ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტები მუდმივად მაღალი კლასის სასტუმროებზე არიან ორიენტირებულნი, მომსახურების ფასი მათთვის არანაირ დაბრკოლებას არ ქმნის. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან საქართველოში მიმდინარე წლის 10 თვეში 14 737 საერთაშორისო მოგზაური ეწვია. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მატება 76,2%-ია. საუდის არაბეთიდან ჩამოსული ტურისტების რაოდენობა ამავე პერიოდში 77%-ითაა მომატებული.

რაც შეეხება ზოგად სტატისტიკას, 2015 წლის ოქტომბერში ქვეყანაში შემოსული ვიზიტორების რაოდენობა, 2014 წლის ოქტომბერთან შედარებით, 7,3 პროცენტითაა გაზრდილი. კვლავ მაღალი იყო ტრანზიტულად შემოსული უცხოელი მოქალაქეების ზრდის ტემპი (17,3 პროცენტი). არაბთა გაერთიანებული საემიროები საერთაშორისო მოგზაურთა თხუთმეტეულში შედის. ტურიზმის სფეროს სპეციალისტი ნიკა კვარაცხელია აცხადებს, რომ არაბული ქვეყნებიდან ტურისტების რაოდენობის მასშტაბური ზრდა მოხდა ისე, რომ სახელმწიფოს ამ ბაზრებზე განსაკუთრებული მარკეტინგული აქტივობით თავი არ გამოუჩენია (თუ არ ჩავთვლით ბოლოდროინდელ აქტივობებს, რომელიც არაბთა საემიროებიდან ერთ-ერთი ტურისტული გასართობი შოუს გადამღები ჯგუფის სტუმრობას უკავშირდება). არაბული ქვეყნების მოქალაქეებს საქართველოსთან საქმიანი ბიზნესი აკავშირებთ, თუმცა გასართობი ტურიზმის მიმართაც დიდი ინტერესი ამოძრავებთ.

"არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან საქართველოს ბევრი საქმიანი ვიზიტითაც სტუმრობს. სტატისტიკურ მონაცემს ამ მხრივ რაღაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვერ მივანიჭებთ. რეალურად მათი რაოდენობა შეიძლება რამდენიმე ათასს არ აღემატებოდეს, მაგრამ ჩვენი ქვეყნის მიმართ დიდი ინტერესი უდავოა. საქმიან ვზიტებთან ერთად, დიდი მნიშვნელობა ენიჭება გართობას, რა მიზნითაც არაბები ყველაზე ხშირად სტუმრობენ საქართველოს. როგორც ვიცით, სათამაშო ბიზნესი აკრძალულია მუსლიმანურ ქვეყნებში და ყოფილი საბჭოთა კავშირის რამდენიმე ქვეყანაშიც, განსაკუთრებით აზერბაიჯანში. გარდა იმისა, რომ ჩვენთან სასტუმრო-კაზინოები იზიდავთ, მათთვის მისაღებია ფრენის სიიაფე და ტერიტორიული სიახლოვეც. ეს ყველაფერი ერთად მუსლიმანი ტურისტებისთვის ქმნის იმ პროდუქტს, რაც მათთვის ძალიან მისაღებია", - აცხადებს კვარაცხელია.

არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან ჩამოსულებს ნაკლებად აინტერესებთ ისეთი ტურები, როგორიცაა სათავგადასავლო, კულტურული, შემცენებითი, მით უმეტეს, არისტოკრატიული ტურიზმი.

"არაბული ქვეყნებიდან დაინტერესება იზრდება და ეს კარგია. შეიძლება, ვიზიტები მათი მხრიდან უფრო მასშტაბურიც გახდეს. ჩვენ ძალიან ცუდად ვმუშაობთ იმ მხრივ, რომ გავითვალისწინოთ ის თავისებურებები, რითაც ამა თუ იმ ქვეყნის ტურისტების დაინტერესება შეიძლება. სასტუმროების მხრიდან გართობა-დასვენება ერთ-ერთი მომსახურებაა თბილისსა და ბათუმში, რომლის მიმართაც ტურისტების განსაკუთრებული დაინტერესება შეიმჩნევა. არცერთი სხვა ფორმის ტურიზმი არ ტოვებს ისეთ შემოსავალს, როგორც საქმიანი და გართობის ბიზნესია. ამერიკის ეკონომიკა, ფაქტობრივად, ამ ბიზნესზე დგას, ლას-ვეგასი ამან ააყვავა. არისტოკრატიული ტურიზმიც არ იძლევა ასეთ მოგებას. კარგი იქნება, თუ უფრო საქმიანად შევხედავთ ამ დარგს და აქტიურად გავუწევთ კამპანიას", - ამბობს ნიკა კვარაცხელია.

არაბი ტურისტების ზრდას ტურისტულ კომპანიებშიც ადასტურებენ. "ფრი თრეველის" წარმომადგენლის, თინათინ გოგუაძის ინფორმაციით, მუსლიმი ტურისტების საქართველოში დასვენების მაქსიმალური ხანგრძლივობა 10 დღეა, მინიმალური - 5 დღე. ისინი აუცილებლად ჩამოდიან ხელმეორედაც, რაც ჩვენი ქვეყნის მიმართ ინტერესზე მეტყველებს.

"ბევრი ტურისტი შემოდის როგორც არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან, ასევე ინდოეთიდან და ერაყიდანაც. პირველ რიგში, ისინი დედაქალაქს სტუმრობენ, შემდეგ მცხეთას, ბოლოს კახეთს, სადაც ღვინის კულტურას ეცნობიან. ძალიან მოსწონთ სიღნაღი. უმეტეს შემთხვევაში 5-დღიანი ტურებით ჩამოდიან. თუ მეტი დრო აქვთ, მაშინ ქუთაისში მიდიან მღვიმეების დასათვალიერებლად და ბათუმის მონახულებასაც ასწრებენ.

არაბი დამსვენებლები ყოველთვის მაღალი კლასის სასტუმროებს ითხოვენ და ნებისმიერი ფასი მათთვის მისაღებია. ამ მხრივ დაბრკოლება არ აქვთ. უმეტესწილად, 4-5 ვარსკვლავიან სასტუმროებსა და სერვისს უკვეთავენ. მათი საქართველოში ყოფნის მაქსიმალური ვადა 10 დღეა, ვინც მიდის, 5-6 თვის შემდეგ აუცილებლად ბრუნდება, რომ ქვეყნის ღირსშესანიშნაობებს უკეთ გაეცნონ და ბუნებითაც დატკბნენ. ამ მხრივ განსაკუთრებით მთის ტურები იზიდავთ.

აქტიური სარეკლამო კამპანიით ქვეყანას მიეცემა ძალიან დიდი შესაძლებლობა, რომ არაბული ქვეყნებიდან ტურისტების რაოდენობა, მინიმუმ, გაორმაგდეს", - აცხადებს თინათინ გოგუაძე.

მარი ჩიტაია

წყარო: გაზეთი "რეზონანსი"