რუსეთმა „თურქულ ნაკადზე“ მოლაპარაკებები შეაჩერა

რუსეთმა თურქეთთან გაზსადენ „თურქული ნაკადისა“ და ატომური ელექტროსადგურ „აკუიუს“ მშენებლობის შესახებ მოლაპარაკებები შეაჩერა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული სააგენტო „ინტერფაქსი“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„თურქულ ნაკადზე“ დაწყებული მოლაპარაკებები შეჩერებულია ისევე, როგორც ატომური ელექტროსადგურის „აკუიუს“ შესახებ. თუმცა, ემბერგო არ შეეხება რუსული გაზის ამჟამინდელ მიწოდებას და კონტრაქტის თანახმად გაგრძელდება“, - განუცხადა „ინტერფაქსს“ საკუთარმა წყარომ.

თურქულმა კომპანია Botas-მა და ”გაზპრომმა” 2014 წლის 1 დეკემბერს ხელი მოაწერეს მემორანდუმს რუსეთიდან თურქეთის მიმართულებით, შავი ზღვის გავლით, ახალი გაზსადენის მშენებლობის თაობაზე. ”თურქული ნაკადის” სიმძლავრე 63 მილიარდი კუბური მეტრი იქნება.

”თურქული ნაკადის” მეშვეობით, რუსეთი ევროპას გაზს უკრაინის გვერდის ავლით მიაწვდის.

"თურქული ნაკადი" გასულ წელს შეჩერებული "სამხრეთის ნაკადის" ალტერნატიულ პროექტად განიხილება.

„თურქული ნაკადის“ გაზსადენის ექსპლუატაციაში ჩაშვება 2017 წლის შემდეგ იყო დაგეგმილი.

თურქეთი გერმანიის შემდეგ, რუსული გაზის ყველაზე დიდი მომხმარებელია.