"საქართველოს ნარჩენების მართვის ასოციაციის" პრეზენტაცია გაიმართება

პროგრამის "ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში" (WMTR) ორგანიზებით, "საქართველოს ნარჩენების მართვის ასოციაციის" (WMA) პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიება 4 დეკემბერს, 10:00 საათზე, სასტუმრო "ბეტსში" მოეწყობა. პრეზენტაციაზე მიწვეული იქნებიან დონორი და არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები.

როგორც კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელიდან (CENN) იუწყებიან, ასოციაცია ჩამოყალიბდა 2015 წლის ივნისში WMTR პროგრამის ხელშეწყობით. იგი წარმოადგენს ნარჩენების მართვის სფეროში არსებული კომპანიების გაერთიანებას შემდეგი მიზნების მისაღწევად: ნარჩენების გადამუშავების სფეროს განვითარების გზების განსაზღვრა; გადაწყვეტილების მიმღებ სტრუქტურებთან მჭიდრო თანამშრომლობა; ნარჩენების დახარისხების ხელშეწყობა და დახარისხებული ნარჩენების გადამუშავებით ადგილობრივი ნაწარმის შექმნა; ბიზნესისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა.

"საქართველოში ნარჩენების გადამუშავება ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, სამუშაო ადგილების შექმნას, ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნების დაკმაყოფილებას და ევროკავშირისა და სხვა ქვეყნებში საექსპორტო პოტენციალის გაზრდას. WMA ასევე მიზნად ისახავს ნარჩენების მართვის სფეროთი დაინტერესებული პირებისა და ორგანიზაციებისათვის კონსულტაციების გაწევას, დამწყები ორგანიზაციების დახმარებას (რეკომენდაციებისა და კონსულტაციების მხრივ), საკანონმდებლო და საზოგადოებრივი ინიციატივების შემუშავებას, ნარჩენების მართვის საკითხებზე კვლევების ჩატარებასა და აღნიშნულ სფეროში ჩართული პირების შესახებ მონაცემთა ბაზების შექმნასა და განახლებას", - აცხადებენ CENN-ში.

მათივე ინფორმაციით, ასოციაცია ითანამშრომლებს ეროვნულ და საერთაშორისო პროექტებთან, მთავრობასთან, დონორ ორგანიზაციებთან, შეიმუშავებს რეკომენდაციებს ნარჩენების მართვის პრობლემების გადაჭრის კუთხით და ხელს შეუწყობს ნარჩენების მართვის თანამედროვე მიდგომების დანერგვას.

პროგრამა "ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში" (WMTR) 2014 წლის 18 მარტს დაიწყო. მას ფინანსურ მხარდაჭერას უწევს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და ახორციელებს ქალაქებისა და საგრაფოების მართვის საერთაშორისო ასოციაცია (ICMA) ადგილობრივ ქვეკონტრაქტორ ორგანიზაციასთან – CENN-თან თანამშრომლობით.

"პროექტი ხელს უწყობს საქართველოს ცენტრალურ და ადგილობრივ მთავრობებს ნარჩენების მართვის მართებული სისტემის ჩამოყალიბებაში საქართველოს ორ სამიზნე რეგიონში – კახეთსა და აჭარაში. პროგრამის მიზანია, შერჩეულ მუნიციპალიტეტებში განხორციელდეს პილოტური ღონისძიებები ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე ნარჩენების მავნე ზემოქმედებისა და ნაგავსაყრელებიდან სათბური აირების შესამცირებლად", - აცხადებენ CENN-ში.