”წყლის ტარიფების შემცირება რუსთავის, გარდაბნისა და მარნეულის ხარისხიან წყალმომარაგებას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს”

კომპანია "რუსთავის წყალის" განცხადებით, წყლის ტარიფების შემცირება რუსთავის, გარდაბნისა და მარნეულის ხარისხიან და საიმედო წყალმომარაგებას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს. კომპანია "რუსთავის წყალი", სამომხმარებლო ტარიფების შემცირებასთან დაკავშირებით, ახალ განცხადებას ავრცელებს. განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ.

"კომპანიის მენეჯმენტის განცხადებით, ტარიფის 20%-იანი შემცირებით კომპანიას შემოსავალი 3 მილიონი ლარით მცირდება. შედეგად, "რუსთავის წყალი" წამგებიანი კომპანია ხდება, კომპანიის მენეჯმენტი კი ვერ დაუშვებს წამგებიანი სამუშაოების განხორცილებას, რაც ნიშნავს, რომ ქალაქ რუსთავში, გარდაბანსა და მარნეულში 2016 წლისთვის დაგეგმილი საინვესტიციო პროექტები ვეღარ განხორციელდება. თავის მხრივ, სარეაბილიტაციო სამუშაოების შეჩერება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს მომხმარებლის ხარისხიან და საიმედო წყალმომარაგებას.

კომპანია "რუსთავის წყალი" მიიჩნევს, რომ პასუხისმგებლობა ქ. რუსთავში, გარდაბანსა და მარნეულში წყალმომარაგების ტარიფების შემცირებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების გამო, რაც ერთი მხრივ, აზიანებს ბიზნესს და მეორე მხრივ, საფრთხეს უქმნის მომხმარებლის ხარისხიან და სტაბილურ წყალმომარაგებას, სემეკს ეკისრება", - ნათქვამია კომპანია "რუსთავის წყალის" (RWC) მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.