არაბული შოუ საქართველოზე გადაცემას ამზადებს

არაბთა გაერთიანებული საამიროების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტელეკომპანია საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ გადაცემას ამზადებს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, დუბაიდან ტურისტული გასართობი შოუს "ვინჰო მსოფლიოს გარშემო" 5-კაციანი ჯგუფი საქართველოს ეწვია. 3 დღის განმავლობაში ჟურნალისტებმა მცხეთა, სტეფანწმინდა და გუდაური მოინახულეს. თბილისში სტუმრებისთვის სპეციალურად კულინარიული მასტერკლასი გაიმართა.

ტურისტულ-გასართობი შოუ "ვინჰო მსოფლიოს გარშემო" აზიის სხვადასხვა სახელმწიფოს, მათ შორის არაბული ქვეყნების წამყვანი სატელიტური არხებით გადაიცემა. შოუს ოც მილიონამდე მაყურებელი ჰყავს და საკმაოდ პოპულარულია სოციალურ ქსელში.

არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან საქართველოს მიმდინარე წლის 10 თვეში 14737 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 762%-ით მეტია. აღსანიშნავია, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროები საერთაშორისო მოგზაურთა ტოპ 15-ეულში შედის.