რუსი დეპუტატები რაჰათ ლუხუმის გაყიდვის აკრძალვას ითხოვენ

რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის დეპუტატები პარლამენტის ბუფეტში რაჰათ ლუხუმის გაყიდვის აკრძალვას ითხოვენ.

დეპუტატები უახლოეს დღეებში გეგმავენ ხელისუფლებას თხოვნით მიმართონ, რაჰათ ლუხუმი რუსეთის ტერიტორიაზე სანქცირებული თურქული პროდუქციის ჩამონათვალში შეიყვანოს.

„ერთ-ერთმა ამომრჩეველმა მოგვწერა, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ნაყიდი რაჰათ ლუხუმის მირთმევის შემდეგ, შეუძლოდ გახდა. როგორც სპეციალისტებმა გვითხრეს, ამ კანფეტებში ტექნიკური პალმის ზეთი გამოიყენება. ეს ზეთი ონკოლოგიურ და სხვა სახის დაავადებებს იწვევს“, - აღნიშნა რუსმა დეპუტატმა ანდრეი სვინცოვმა.

მისივე თქმით, რაჰათ ლუხუმი სახელმწიფო დუმის ბუფეტშიც იყიდება და თუ გამოვლინდება, რომ კანფეტი შეიცავს ჯანმრთელობისთვის შეუსაბამო ნივთიერებებს, „რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტია“ ხელისუფლებას თხოვნით მიმართავს, აკრძალოს დუმის ბუფეტში რაჰათ ლუხუმის გაყიდვა.

რუსეთის ხელისუფლებამ გუშინ იმ თურქული პროდუქტების სია გამოაქვეყნა, რომლის შეტანაც რუსეთის ტერიტორიაზე 2016 წლის 1 იანვრიდან იკრძალება.

რუსული მედიის ცნობით, ჩამონათვალში მოხვდა ციტრუსები - ფორთოხალი, მანდარინი, ქათმისა და ინდაურის სუბპროდუქტი, ხახვი, ფერადი კომბოსტო, ბროკოლი, კიტრი, ყურძენი, ვაშლი, მსხალი, ატამი, ქლიავი, მარწყვი, მარილი.