კომერციული ბანკების მიერ ეკონომიკის დაკრედიტება შემცირდა

საქართველოს ეროვნული ბანკი მიმდინარე წლის ოქტომბრის თვის მიმოხილვას აქვეყნებს, სადაც დეტალურად არის გაანალიზებული გასული თვის მაკროეკონომიკური პარამეტრები და ქვეყნის საბანკო და საფინანსო სექტორებში არსებული მდგომარეობა. მიმოხილვიდან ირკვევა, რომ 2015 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, კომერციული ბანკების მიერ ეკონომიკის დაკრედიტება 12.5 მლნ ლარით შემცირდა და 15.35 მლრდ ლარს გაუტოლდა. კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების პორტფელის წლიური ზრდის ტემპმა კი 33.7 პროცენტი შეადგინა.

“საკრედიტო პორტფელის ზრდა მეტწილად გამოწვეულია ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურების შედეგად უცხოური ვალუტის სესხების გადაფასებით. გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, სესხების წლიური ზრდა 10.4 პროცენტი იყო. თვის განმავლობაში ეროვნული ვალუტით სესხების კლება დაფიქსირდა. ოქტომბრის ბოლოსთვის, საკრედიტო პორტფელის 80.2 პროცენტი გრძელვადიან სესხებზე მოდიოდა, რომლის 68.8 პროცენტი უცხოური ვალუტით იყო გაცემული. მოკლევადიან სესხებში კი უცხოური ვალუტით სესხების წილი 45.8 პროცენტს შეადგენდა”, - ნათქვამია ეროვნული ბანკის მიმოხილვაში.