დიმიტრი ქუმსიშვილმა China Shipping Europe Holding-ის პრეზიდენტთან შეხვედრა გამართა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა "China Shipping Europe Holding"-ის პრეზიდენტ, ლიუ ჭონგპინგთან შეხვედრა გამართა. შეხვედრა სასტუმრო "თბილისი მარიოტში" გაიმართა და მასზე საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობის გაზრდის საკითხებზე ისაუბრეს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ჩინური კორპორაცია, რომელიც 80 საერთაშორისო და ადგილობრივი მარშრუტის გავლით, მსოფლიოს 180-ზე მეტ პორტშია წარმოდგენილი, საქართველოში საქმიანობის გაზრდას გეგმავს. როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, 9-10 დეკემბერს, ჩინეთში, საქართველო-ჩინეთის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართება, რომლის დროსაც განხილული იქნება საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში ჩინეთიდან ტვირთის გატარების საკითხი. მისივე თქმით, კომისიაზე ოფიციალურად გაიხსნება მოლაპარაკების პროცესი ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ.

"პირველ რიგში, მინდა მივესალმო "ჩჰინა შჰიპპინგ"-ს, რომელმაც ოპერაციები 2014 წელს დაიწყო, თუმცა საქართველოს ბაზრის მნიშვენლობა დღესდღეობით გაცილებით უფრო ცხადი გახდა. ჩვენ განვიხილეთ ის პერსპექტივები, რომელიც ჩვენს ბაზარს გააჩნია ტრანზიტის ნაწილში. მინდა აღვნიშნო, რომ 9-10 დეკემბერს ჩვენ გვექნება ჩინეთში ეკონომიკური კომისია, სადაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იქნება სწორედ ჩინური ტვირთების საქართველოზე გატარების, ასევე ანაკლიის პორტის თემა, რომელიც ამ მიმართულებას ებმის. მინდა აღვნიშნო, რომ ეს კომპანია არის მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი გადამზიდავი, რომელიც თავის სერვისსა და მომსახურებას აწვდის ძირითადად ევროპის ბაზარს. მინდა მივესალმო მათ და ვისურვო, რომ რაც შეიძლება მეტი დიდი კომპანია შემოვიდეს საქართველოში", - განაცხადა ქუმსიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

China Shipping Europe Holding"-ის პრეზიდენტის ლიუ ჭონგპინგის განცხადებით, საქართველო მნიშვნელოვანი ქვეყანაა ევროპასა და აზიას შორის ტვირთების გადაზიდვის კუთხით.

"საქართველო მნიშვნელოვანი ქვეყანაა ევროპასა და აზიას შორის ტვირთების გადაზიდვის კუთხით. ჩვენ ფოთის პორტში ვმუშაობთ და ვხედავთ დიდ პოტენციალს, რომელიც საქართველოს აქვს. ვმუშაობთ რამდენიმე მიმართულებით, რომ ჩვენი სერვისი რეგიონში მოქმედ კომპანიებს შევთავაზოთ. დარწმუნებულები ვართ, რომ უახლოს წლებში ტვირთების გადაზიდვა საქართველოს მიმართულებით მნიშვნელოვნად გაიზრდება", - განაცხადა ლიუ ჭონგპინგმა.