საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურების ფაქტზე სიერა ლეონეს დროშით მცურავი გემი დააჯარიმეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებთან ერთად, გემის მიერ საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურების ფაქტი გამოავლინეს.

როგორც საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში განაცხადეს, სიერა ლეონეს დროშით მცურავმა გემმა ბათუმის ნავსადგურში სამეურნეო-ფეკალური წყლები ჩაღვარა. გემის კაპიტანს დაეკისრა ჯარიმა 65 000 ლარის ოდენობით. მასვე მოუწევს გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობის ანაზღაურება.

სიერა ლეონეს დროშით მცურავი გემი საქართველოს ტერიტორიულ წყლებს დაკისრებული ჯარიმის და გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის გადახდის შემდეგ დატოვებს.