"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" წყლის დატაცების შემთხვევებს გაასაჯაროებს

კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ახალი მენეჯმენტი იმ ორგანიზაციების შესახებ გაასაჯაროებს ინფორმაციას, რომლებიც სასმელ წყალს უკანონოდ მოიხმარენ. როგორც კომპანიაში აცხადებენ, წყლის დატაცების შემთხვევების გამოსავლენად, კომპანია ბრძოლას ააქტიურებს, რაც მონიტორინგის გამკაცრებას, დარღვევების ოპერატიულად გამოვლენას და აღმოფხვრას ითვალისწინებს. დარღვევის მქონე ყველა ობიექტის მეპატრონე კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდება, ხოლო სასმელი წყლის დიდი ოდენობით დატაცების ფაქტებზე ინფორმაციას კომპანია საზოგადოებას გამოვლენისთანავე მიაწვდის.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ინტერესია, რაც შეიძლება სწრაფად გამოავლინოს დატაცების შემთხვევები, რადგან წყლის უკანონო მოხმარება სერიოზულ მატერიალურ ზარალს აყენებს კომპანიას და ზრდის მის კომერციულ დანაკარგებს. ამავდროულად, კომპანია კომერციული აბონენტების ინტერესებსაც ითვალისწინებს და თანამშრომლობას სთავაზობს ყველა იმ ობიექტის მეპატრონეს, რომელიც სასმელ წყალს აქამდე უკანონოდ მოიხმარს. აღიარების შემთხვევაში, ისინი ჯარიმისგან გათავისუფლდებიან. თანამშრომლობის სურვილის შემთხვევაში, კომერციული ობიექტების მეპატრონეებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ GWP-ის ცხელ ხაზს - 293 11 11 ან მიმართონ კომპანიის სათავო ოფისს (მისამართი: მ. კოსტავას I შესახვევი, 33, "ლაგუნა ვერეს" მიმდებარედ). "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" მხრიდან ანონიმურობა სრულად იქნება დაცული", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

ბოლო პერიოდში, თბილისში, სასმელი წყლის უკანონო მოხმარებისა და დატაცების შემთხვევების მატება შეინიშნება. ასევე, გახშირდა მრიცხველის განზრახ დაზიანების ფაქტებიც. ასეთი დარღვევები უფრო მეტად სხვადასხვა პროფილის კომერციულ ობიექტებსა და საწარმოებში ვლინდება.