ქუთაისში მარტივი ტიპის 12 მოედანი კეთილმოეწყო

თორმეტ ადმინისტრაციულ ერთეულში მარტივი ტიპის სპორტული მოედანი მოეწყო. ორი ასეთი მოედანი ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა სტადიონზე შეკრებილ ახალგაზრდებს საჩუქრად ბურთები გადასცეს და სიმბოლურად კარში გოლიც გაიტანეს. 12 მარტივი ტიპის მოედნის რეაბილიტაცია 260 000 ლარი დაჯდა. სამუშაოები შ.პ.ს ,,თეგიკა უნივერსალმა" შეასრულა. როგორც საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის უფროსმა აღნიშნა, თორმეტიდან ერთი მოედანი საცდელად ხელოვნურსაფარიანი გაკეთდა. ვლადიმერ ნაკაშიძის თქმით, საფარი განსხვავებული ტექნოლოგიისაა.

,,მნიშვნელოვანია ადმინისტრაციულ ერთეულში იყოს კეთილმოწყობილი სპორტული მოედანი. თუმცა, აუცილებელია ასევე მისი მოვლა, ამიტომ მომავალი წლის ბიუჯეტში ჩავდევით მოვლა-პატრონობისთვის გარკვეული თანხები", - აღნიშნა შოთა მურღულიამ.