ოთარ დანელია ნატანებში დამშრობი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ გურიის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორთან, გია სალუქვაძესთან ერთად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში დამშრობი სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. როგორც ოთარ დანელიამ აღნიშნა, ამ ეტაპზე რეგიონში სარეაბილიტაციო სამუშაოებში 40-მდე ერთეული სამელიორაციო ტექნიკაა ჩართული.

,,აღსანიშნავია, რომ დასავლეთ საქართველოში ძირითადად სადრენაჟე სამუშაოები ხორციელდება. ამ ეტაპზე, რეგიონში 40-მდე ერთეული სამელიორაციო ტექნიკა ჩართულია სარეაბილიტაციო სამუშაოებში. აღნიშნული პროექტის დასრულების შემდეგ, 11 კმ- ზე მეტი სიგრძის სადრენაჟე არხი აღდგება და 480 ჰა ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენება იქნება შესაძლებელი", - აღნიშნა ოთარ დანელიამ.

შპს ,,საქართველოს მელიორაციის" გენერალურმა დირექტორმა, ლევან დვალმა სოფლის მეურნეობის მინისტრს სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, რიონი-ჩოლოქის მდინარეთა შორის მასივზე მოეწყობა მილხიდები, კაპიტალური ხიდი, გაიწმინდება კოლექტორი და შემკრები არხები.

სამინისტროს ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, სოფელ ნატანების 480 ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე აღდგება სადრენაჟე მომსახურება. პროექტის I ეტაპის ღირებულება 483 410 ლარია. სამუშაოები 2016 წლის ივლისში დასრულდება.

როგორც გურიის რეგიონის სახელმწიფო რწმინებულმა-გუბერნატორმა, გია სალუქვაძემ აღნიშნა, სამელიორაციო სამუშაოები რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს.

დღეისათვის, შპს "საქართველოს მელიორაცია" გურიის რეგიონში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოების 3, საქართველოს მასშტაბით კი - 26 პროექტს ახორციელებს.

ნატანებში დამშრობი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლები გაეცნენ.