სარფის საბაჟოზე ტრაილერების რიგებია

სარფის საბაჟოზე ტრაილერების რიგებია. ტრაილერები სარფამდე არსებული სოფლების ახალსოფლის, გონიოს, კვარიათისა და სარფის გზებზე რიგში დგანან. როგორც რიგში მდგომი მძღოლები აცხადებენ, აღნიშნული პრობლემა ხშირად არის, რადგან თურქეთის მხარე ტრაილერებს სწრაფად ვერ ატარებს.

"თურქეთის მხარე ვერ ატარებს ტრაილერებს. ყოველთვის ასე ხდება, მხოლოდ დღევანდელი პრობლემა არ არის. უკრაინის, საქართველოს, თურქეთის და ყაზახეთის ტრაილერებია აქ. 500-მდე მანქანა იქნება რიგში", - აღნიშნა მძღოლმა ბესიკ ზოიძემ.

როგორც შემოსავლების სამსახურის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ხატია მოისწრაფიშვილმა განაცხადა, თურქეთის მხარეს მსგავსი პრობლემა ხშირად იქმნება.

"ეს პრობლემა ძალიან ხშირად იჩენს თავს სარფის საბაჟოზე. განსაკუთრებით მაშინ, როცა გაზრდილია ტვირთბრუნვა. პრობლემა უკავშირდება თურქეთის საბაჟო ნაწილს. ინფრასტრუქტურული, საკადრო და გეოგრაფიული პრობლემა აქვთ. ისინი ვერ ატარებენ იმ რაოდენობით, რა რაოდენობითაც საქართველოს მხარე. ჩვენმა მხარემ გუშინ გამოატარა 60 სატვირთო ავტომობილით მეტი, ვიდრე თურქეთის მხარემ. მითუმეტეს, რომ აქედან ტვირთის გარეშე გადის ავტომობილები", - აღნიშნა ხატია მოისწრაფიშვილმა.

გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საბაჟოს თურქული ნაწილი რუსულ ავტომობილებს არ ატარებდა, რიგში მდგომი მძღოლები და შემოსავლების სამსახური არ ადასტურებენ.