მლეთა-დარიალის მონაკვეთზე ტრაილერების მოძრაობა შეიზღუდა

მლეთა-დარიალის მონაკვეთზე ტრაილერების მოძრაობა შეიზღუდა. ამის შესახებ ინფორმაციასსაავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. როგორც უწყებიდან იუწყებიან, ინტენსიური თოვლისა და ლიპყინულის გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის მლეთა-დარიალის ხეობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.

"დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ხოლო კობი-ლარსის მონაკვეთზე მოძრაობა თავისუფალია. გუდაური(ფოსტა)-ლარსის მონაკვეთზე ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ამავე გზის დარიალის ხეობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება", - აცხადებენ უწყებაში.

მათივე განმარტებით, აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით. გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.