მსუბუქი ავტომობილების შესყიდვები 58%-ით შემცირდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიმოხილვის თანახმად, საქართველოში იმპორტი ყველა მიმართულებიდან შემცირებულია.

კლების განსაკუთრებით მაღალი ტემპები დაფიქსირდა უკრაინისა და აზერბაიჯანის შემთხვევაში (34.2 პროცენტი და 27.4 პროცენტი, შესაბამისად). იმპორტი მაღალი ტემპებით (20-50 პროცენტი) შემცირდა იტალიიდან, რუმინეთიდან, იაპონიიდან, საფრანგეთიდან, პოლონეთიდან და ბელგიიდან. იმპორტის საერთო კლების ფონზე აღსანიშნავია ზრდა რამდენიმე ქვეყნის შემთხვევაში. კერძოდ, იმპორტი გაიზარდა ინდოეთიდან (ჰიდროტურბინები), თურქმენეთიდან (ნედლი ნავთობი) და პორტუგალიიდან (სპილენძის მადნები და კონცენტრატები). წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ოქტომბერში, იმპორტის დივერსიფიკაცია ქვეყნების მიხედვით მცირედით გაუარესდა.

2015 წლის ოქტომბერში, იმპორტირებული საქონლის 8.8 პროცენტი მოდიოდა ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე, რომელთა შესყიდვები წლიურად კვლავ შემცირდა და კლებამ 30.2 პროცენტი შეადგინა. აღნიშნული სრულად განაპირობა ფასის მნიშვნელოვანმა შემცირებამ, ხოლო რაოდენობრივი მაჩვენებელი გაზრდილია. მსუბუქი ავტომობილების შესყიდვების კლების ტემპმა იმატა და საანგარიშო თვეში 58.3 პროცენტი შეადგინა. მცირედით შემცირებულია ბუნებრივი აირის იმპორტი. ასევე შემცირდა სამკურნალო საშუალებების იმპორტი, ხოლო სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების შესყიდვებმა, რომლის უდიდესი ნაწილი რეექსპორტზე გადის, საპირისპიროდ, მოიმატა. რაც შეეხება იმპორტის სხვა კატეგორიებს, მოიკლო სატელეფონო და სატელევიზიო აპარატურის, გამომთვლელი მანქანების, შავი ლითონის მეტალოკონსტრუქციების, ნახშირბადიანი ფოლადის ნაწარმის, მაცივრების, ავეჯის და თამბაქოს ნაწარმის შესყიდვებმა. ზრდა დაფიქსირდა რამდენიმე კატეგორიის შემთხვევაში. კერძოდ, მოიმატა ჰიდროტურბინების, საჰაერო ტუმბოების, ტურბო-რეაქტიული ძრავების, ნავთობის კოქსის და სარეცხ-საწმენდი საშუალებების იმპორტზე გაწეულმა დანახარჯებმა.

კვების პროდუქტების იმპორტი წლიურად დაახლოებით 16.2 პროცენტით არის შემცირებული. ოქტომბრის თვეში იმპორტი კატეგორიების მიხედვით, წინა წელთან მიმართებაში, მეტად დივერსიფიცირებულია.