ნავთობზე ფასმა მცირედით მოიმატა

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი უმნიშვნელოდ გაიზარდა. ექსპერტთა განცხადებით, ნავთობის ფასის მცირედი მატება გავრცელებულმა ინფორმაციამ გამოიწვია, რომლის თანახმად, საუდის არაბეთი ოპეკ-ს ნავთობის მოპოვების შემცირებას შესთავაზებს.

„როიტერის“ ინფორმაციით, დღეს დილით „ბრენტის“ მარკის ნავთობზე ფასი 48 ცენტით გაიზარდა და ბარელზე 42,97 დოლარი შეადგინა, WTI-ის ნედლი ნავთობის ფასი კი 29 ცენტრით გაიზარდა და ბარელზე 40,23 დოლარი შეადგინა.

სააგენტო Energy Intelligence-ის ცნობით, საუდის არაბეთი ოპეკ-ს დღე-ღამის განმავლობაში ნავთობის მოპოვების 1 მილიონი ბარელით შემცირებას შესთავაზებს.

ოპეკ-ის სხდომა ვენაში ხვალ გაიმართება.

„როიტერის“ ცნობით, ნავთობის მოპოვება მოთხოვნას დღეში 0,5-2 მილიონი ბარელით აჭარბებს. წლის დასაწყისიდან მოყოლებული, ნავთობზე ფასები 25%-ით დაეცა.