ძვირი დოლარის 2-წლიანი ხანა სრულდება

მსოფლიოში ძვირი დოლარის პერიოდი მთავრდება. გუშინ ამერიკულმა ვალუტამ მსოფლიოს წამყვან ვალუტებთან პოზიციები კიდევ ერთხელ დათმო. როგორც გაზეთი ”რეზონანსი” წერს, სპეციალისტები 2016 წელს დოლარის კიდევ უფრო დასუსტებას ელოდებიან, ვინაიდან კატასტროფულად გამყარებული ”მწვანე ვალუტა” უკვე ამერიკასაც არ აძლევს ხელს.

”ადმირალ მარკეტის” ინფორმაციით, გუშინ დოლარის ინდექსი 0,12 პროცენტით, 100,05 ნიშნულამდე შემცირდა. ევრო-დოლარის ფასმა 0,16 პროცენტით მოიმატა და 1,0590 ნიშნულს მიაღწია. ასევე დოლარმა დათმო პოზიციები იაპონურ იენთან მიმართებაში 0,13 პროცენტით. ავსტრალიური დოლარიც გამყარდა 0,39 პოცენტით, ხოლო ახალზელანდიურმა დოლარმა მიაღწია თვის მაქსიმუმს და 0,6647 ნიშნულზე დაფიქსირდა. ამჯერად, მსოფლიოს ფინანსისტები ამერიკის ფედერალური სარეზერვო სისტემის გადაწყვეტილებას ელოდებიან - გაიზრდება თუ არა დეკემბერში საპროცენტო განაკვეთი. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ განაკვეთი ნამდვილად გაიზრდება, ვინაიდან ძალიან გამყარებული დოლარი უკვე ამერიკასაც პრობლემებს უქმნის.

”ადმირალ მარკეტ ჯორჯიას” დირექტორის დავით წიქარიძის განცხადებით, ბოლო სამი-ოთხი თვის განმავლობაში დოლარი ძალიან გამყარდა სხვა ვალუტებთან მიმართებაში და ამ პროცესმა ნეგატიური გავლენა იქონია მსოფლიოს ფინანსურ ბაზრებზე.

”თავად ამერიკელებიც უკმაყოფილებას გამოთქვამენ აღნიშნული პროცესის გამო, ვინაიდან მათი საექსპორტო პროდუცია კონკურენტუნარიანობას კარგავს. დანამდვილებით ვერავინ იტყვის, თუ როგორ განვითარდება მსოფლიოში პროცესები, მაგრამ სავარაუდოდ, შეეცდებიან დოლარის დომინირება შეწყდეს და ფინანსურ ბაზარზე არსებული მდგომარეობა დასტაბილურდეს; ანუ დოლარზე ან არსებული სტატუს-კვო შეინარჩუნონ, ან ცოტა უფრო დაასუსტონ ევროსთან მიმართებაში. ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული”, - ამბობს დავით წიქარიძე.

რაც შეეხება ევროს დასტაბილურებას დოლართან მიმართებაში, ეს გამოწვეულია არა მარტო ამერიკული ვალუტის გამყარებით, არამედ ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ გამოცხადებული ”შერბილების პოლიტიკით”. ეს ნიშნავს, რომ ევროს დასუსტებას ხელოვნურად უწყობენ ხელს, რათა მათი საექსპორტო პროდუქციის კონკურენტუნარიანობა გაიზარდოს და ევროპა კრიზისიდან გამოვიდეს. ”რეალურად საექსპორტო პოტენციალი გაიზარდა და ეს მიზანი მიღწეულია. ამერიკელები შეეცდებიან ცოტა უფრო მეტად დაასუსტონ კურსი ევროსთან მიმართებაში. ფინანსურ ბაზრებზე ყველა ელოდება რა გადაწყვეტილებას მიიღებს ამერიკის სარეზერვო სისტემა განაკვეთის გაზრდასთან დაკავშირებით. ალბათ წელსვე გაზრდიან განაკვეთს, რითაც გამყარების შეჩერებას შეეცდებიან”, - განუცხადა ”რეზონანსს” დავით წიქარიძემ. რაც შეეხება ამ პორცესების ლარზე გავლენას, ”ადმირალ მარკეტ ჯორჯიას” დირექტორი ამბობს, რომ ლარის გაუფასურების მიზეზები ქვეყნის შიგნით უნდა ვეძებოთ, ვინაიდან გლობალური მოვლენები ლარზე დიდად არ ახდენს გავლენას.

”დიდ გლობალურ პროცესებს ლარზე მნიშვნელოვანი გავლენა არ აქვს. ეროვნული ვალუტის პრობლემა შიგნით უნდა ვეძებოთ. საქართველოს ფინანსური ბაზარი ცოტა სხვა კუთხით უნდა განვიხილოთ”, - დასძენს დავით წიქარიძე.

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი დავით ასლანიშვილის განცხადებით, 2014 წლის ოქტომბერში ამერიკის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ ე. წ. შერბილების პოლიტიკა დახურულად გამოაცხადა. ეს გულისხმობდა იმას, რომ დოლარის ემისია შეწყდა. 2007 წლიდან მოყოლებული 2014 წლის ოქტომბრამდე ფედერალურმა სისტემამ 9-10 ტრილიონი დოლარის მასა დაბეჭდა. ამით მოხდა სხვადასხვა ფასიანი ქაღალდების შეძენა, ტოქსიკურ მდგომარეობაში მყოფი კომპანიებისთვის კრედიტების მიცემა და შედეგად ამერიკამ კრიზისს თავი დააღწია.

”7 წლის განმავლობაში იაფ დოლარს შეჩვეულმა მსოფლიო ეკონომიკამ 2014 წლის ოქტომბერში უცებ აღმოაჩინა, რომ ამერიკული დოლარის ბეჭდვის პროცესი დასრულდა. შესაბამისად, დოლარის მასა და ემისია შემცირდა. ამერიკული ვალუტის მსყიდველუნარიანობა ამაღლდა და ეს გამომჟღავნდა ოქროს ფასშიც, როდესაც მისი ღირებულება თითქმის განახევრდა. ასევე მკვეთრად გაიაფდა ნავთობიც”, - დასძინა ასლანიშვილმა.

ამას დაერთო ის, რომ ევროპის ცენტრალურმა ბანკმა, რომელიც უარს აცხადებდა (ძირითადად გერმანიის მოთხოვნით) შერბილების პოლიტიკის გატარებაზე, 2014 წლის ნოემბერში დაიწყო ევროს ბეჭდვა. შესაბამისად, ევროპული ვალუტა გაუფასურდა.

თუ როგორ შეიცვლება მსოფლიოს ფინანსური ბაზარი, დეკემბრის შუა რიხვებში გახდება ცნობილი, როდესაც ამერიკის ფედერალური სისტემა დოლარის მომავალთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.

მაკა ხარაზიშვილი

წყარო: გაზეთი ”რეზონანსი