ნოემბერში ვიზიტორების რაოდენობა 8,4 %-ით გაიზარდა

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2015 წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველოში შემოსული საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 6.9%-ით გაიზარდა, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრეზენტაციაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ განაცხადა. როგორც ჩოგოვაძემ აღნიშნა, ნოემბრის თვე 436 234 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2014 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 8,4 %-ით მეტია, მათ შორის, იმ უცხოელი მოგზაურების, ანუ ტურისტების რიცხვი, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში, წინა წლის ნოემბერთან შედარებით 3.6%-ით გაიზარდა. მისივე თქმით, საერთაშორისო მოგზაურების ზრდა დაფიქსირდა 11 თვის მონაცემებითაც. საერთაშორისო მოგზაურების ჯამურმა რაოდენობამ 5 431 723 შეადგინა, ზრდა კი 6.9%-ია. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 2 123 514 შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით, 1.9%-ით მეტია. როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, 2015 წლის ნოემბერში ყველაზე მეტი ვიზიტი თურქეთიდან (+2.2%), აზერბაიჯანიდან (+22%), რუსეთიდან (+7%) უკრაინიდან და სომხეთიდან განხორციელდა.

"ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ 2014 წელს დაფიქსირდა საერთაშორისო მოგზაურების უპრეცედენტო რაოდენობა საქართველოში და 5 515 559 ვიზიტი შეადგინა. სასიხარულოა, რომ წელს 11 თვის მონაცემებით თითქმის უკვე გავუტოლდით ამ ციფრს და საქართველოში 5 431 723 საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა", - განაცხადა ჩოგოვაძემ.

მისივე თქმით, ზამთრის კურორტები ტურისტების მისაღებად მზად არიან და ქვეყნის ზამთრის მარკეტინგული კამპანია ძალიან აქტიურად მიმდინარეობს.

"შესაბამისად ვიმედოვნებთ, რომ მნიშვნელოვნად პოზიტიური მაჩვენებლით დავასრულებთ 2015 წელს. საქართველოში შემომავალი თითოეული ტურისტი კი არის დამატებითი შემოსავალი ჩვენი მოსახლეობისთვის და მთლიანად ქვეყნის ეკონომიკისათვის. სწორედ ამიტომ ტურიზმის განვითარება ჩვენი მთავრობისთვის, როგორც ეს არაერთხელ გვაქვს გაცხადებული, ერთ-ერთი მთავარი და უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია", - განაცხადა ჩოგოვაძემ.

ჩოგოვაძის განცხადებით, თერთმეტი თვის მონაცემებით პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან. მათგან ზრდის კუთხით გამოირჩევა - ლიტვა +17%, იტალია +14%, გერმანია +11%, ლატვია +11%. მისივე თქმით, სხვა ქვეყნებიდან ზრდის თვალსაზრისით აღსანიშნავია - ყაზახეთი +30%, ბელორუსი +52%, ისრაელი +39%, არაბთა გაერთიანებული საემიროები +748%, საუდის არაბეთი +79% და აშშ +10%.

"აღსანიშნავია, რომ აპრილიდან მოყოლებული ზედიზედ საერთაშორისო მოგზაურების ზრდა ფიქსირდება. თუ აპრილში ზრდა მხოლოდ +0,4%-ს შეადგენდა, მაისში +14,7%, ივნისში +9,3%. ივლისში +9,5%, აგვისტოში +10,0%, სექტემბერში +12.6%, ხოლო ოქტომბერში კი +7.3% შეადგინა", - განაცხადა ჩოგოვაძემ.

მისივე თქმით, 2015 წლის მეორე კვარტალში საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლებმა 460 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემს (+30.4 მილიონი აშშ დოლარი) 7.1%-ით აღემატება. პირველი ორი კვარტლის ჯამური მონაცემებით, შემოსავლებმა საერთაშორისო ტურიზმიდან 766.4 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.9%-ია (+21.2 მილიონი აშშ დოლარი).

როგორც პრეზენტაციაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, 2015 წლის მესამე კვარტალში მნიშვნელოვნად +39,4%-ით გაიზარდა უცხოური საგადახდო ბარათებით განხორციელებული გადახდების მოცულობა და 418.3 მილიონი ლარი შეადგინა (+118.2 მილიონი ლარი).

"აღნიშნული ინდიკატორის მიხედვით, ზრდა დაფიქსირდა შემდეგ თვეებშიც. ივლისში მათმა მოცულობამ +32.2%, აგვისტოში +27.4%, სექტემბერში +58.9%, ხოლო ოქტომბერში 52,4% შეადგინა. 2015 წლის 10 თვის მონაცემებით, მათი მოცულობა წინა წელთან შედარებით 25.2%-ით არის გაზრდილი", - განაცხადა ჩოგოვაძემ.

მისივე თქმით, 2015 წლის მეორე კვარტალში მნიშვნელოვნად (+17.4%) გაიზარდა ტურიზმის სექტორში შექმნილი დამატებული ღირებულება და 487.8 მილიონ ლარს მიაღწია ( +72.3 მილიონი ლარი).

"2015 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით, ტურიზმი უზრუნველყოფს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 7.2%-ს. ზრდა ორი კვარტლის ჯამური მონაცემებით +20,1%-ია (+147.2 მილიონი ლარი)", - განაცხადა ჩოგოვაძემ.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე