ბენზინისა და დიზელის საწვავის ხარისხისა და შემადგენლობის ნორმების დარღვევაზე ჯარიმები წესდება

ბენზინისა და დიზელის საწვავის ხარისხისა და შემადგენლობის ნორმების დარღვევაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა წესდება. ამას "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს, რომელიც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ მოამზადა და მთავრობამ პარლამენტს განსახილველად წარუდგინა. პროექტის მიხედვით, "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს" ახალი მუხლი ემატება, რომლის გათვალისწინებით, ისეთი ბენზინისა და დიზელის საწვავის საქართველოში იმპორტი, რომლის ხარისხიც საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივ ნორმებს ან/და დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმებს ვერ აკმაყოფილებს, გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.

ამავე პროექტით, ისეთი ბენზინის ან დიზელის საწვავის საქართველოს ტერიტორიაზე წარმოება, რომლის ხარისხიც მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ნორმებს ვერ აკმაყოფილებს, გამოიწვევს დაჯარიმებას 9 000 ლარის ოდენობით, ხოლო ასეთი ბენზინის და დიზელის საწვავის შენახვა, განთავსება ან მიწოდება გამოიწვევს დაჯარიმებას 8 000 ლარის ოდენობით.