პროგრამას "აწარმოე საქართველოში" ორი ახალი ქვეკომპონენტი დაემატა

ეკომონიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა პროგრამის "აწარმოე საქართველოში" შემავალი ახალი ქვეკომპონენტების ძირითადი მიმართულებები განმარტა.

როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ორ ახალ კომპონენტთან დაკავშირებული საკითხი, რომელიც სასტუმროებისა და კინოინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობას გულისხმობს, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილეს.

"ეს არის საერთაშორისო ბრენდის სასტუმროების ფრანჩიზის როიალტის გადასახადის სუბსიდირება პირველი 2 წლის განმავლობაში, მაგრამ არაუმეტეს 300 ათასი ლარის ოდენობით. ასევე მოვახდენთ სუბსიდირებას კომერციული ბანკებიდან აღებული საპროცენტო განაკვეთის. აქაც გვაქვს გარკვეული ზღვარი დაწესებული. 5 მილიონი ლარი შეიძლება იყოს მაქსიმალური ზღვრული თანხა სესხის საერთაშორისო ბრენდის შემთხვევაში და მილიონი უკვე არაბრენდირებული სასტუმროს შემთხვევაში. 24 თვის მანძილზე მოვახდენთ დაფინანსებას, ასევე იქნება თანაუზრუნველყოფის კოეფიციენტი, რომელიც სესხის 50%-ს შეადგენს", - განმარტა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

რაც შეეხება კინოინდუსტრიის ნაწილს, როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამ მიმართულებით კვალიფიციური ხარჯების 20% იქნება ანაზღაურებული.

"კინოინდუსტრიის მიმართულება ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა. აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო გამოცდილებამ აჩვენა, რომ ის ქმნის ათიათასობით სამუშაო ადგილს. რეალურად, ეს არის ქვეყნის პოპულარიზაციის ერთ-ერთი საუკეთესო შესაძლებლობა. იმ ტრადიციებიდან გამომდინარე, რომელიც საქართველოში გვაქვს, ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვნად გაახალისებს და განაახლებს იმ ინფრასტრუქტურას, რომელიც ჩვენს ქვეყანაში უნდა შევქმნათ", - განმარტა ქუმსიშვილმა.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე