შს სამინისტრო საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში ახალი პროგრამის განხორციელებას იწყებს

შს სამინისტრო საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში ახალი პროგრამის განხორციელებას იწყებს. პრეზენტაცია უწყებაში დღეს გაიმართა. როგორც სამინისტროში აცხადებენ, პროგრამა რეალურ საჭიროებებს პასუხობს და მისი მიზანია საქართველოში საგზაო მოძრაობის მონაწილეთა: მძღოლების, მგზავრების და ქვეითების უსაფრთხოებისა და დაცულობის გაუმჯობესება.

საკანონმდებლო ცვლილებები და აქტივობები, რომელიც ახალი პროგრამით არის გათვალისწინებული, მოიცავს ავტოსაგზაო შემთხვევების მთავარი მიზეზების წინააღმდეგ (არასწორი მანევრირება, სიჩქარის გადაჭარბება, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მართვა და სხვა.) ადმინისტრირების გაუმჯობესებას, სამგზავრო ავტობუსების მოძრაობაზე კონტროლის გაუმჯობესებას, ქვეყანაში არსებული ავტოპარკის განახლების წახალისებას, სიჩქარის მობილური დეტექტორების გამოყენებას, ე.წ. უკონტაქტო პატრულირებას, გზებზე და ქალაქებში არსებული "შავი წერტილების" განეიტრალებას, 2016 წლის მარტიდან მარჯვენასაჭიანი ავტომობილების იმპორტის შეზღუდვას, ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოებისთვის კანონმდებლობის გამკაცრებას, მოძრაობის წესების დარღვევებზე ქულების სისტემის შემოტანას, მართვის მოწმობის ტესტის გადატანას რეალურ მოძრაობაში და ა.შ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ასევე განხორციელდება ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია, რომლის მიზანია საგზაო უსაფრთხოების საკითხებში მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება. ამასთან, სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამის შემუშავების პროცესში ექსპერტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან არაერთი განხილვა გაიმართა.

შს სამინისტროში პროგრამის პრეზენტაციას ხელისუფლების წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწნენ. პროგრამის ლოგო არის საგზაო ნიშნებით დაფარული გული, რომელიც, როგორც შსს-ში განმარტავენ, სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის სიმბოლოა.