დევნილი ოჯახებისათვის იპოთეკური სესხის დაფარვის პროექტის მეორე ეტაპი იწყება

"დევნილი ოჯახებისთვის იპოთეკური სესხების დაფარვის" საპილოტე პროექტი წარმატებით დასრულდა – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო ავრცელებს. მათი ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში სამინისტრომ იპოთეკური სესხი 49 დევნილ ოჯახს დაუფარა.

"იპოთეკური სესხის დაფარვის თაობაზე განაცხადების დიდი რაოდენობა შემოვიდა. შესაბამისად, სამინისტრომ გაითვალისწინა დევნილი ოჯახების მოთხოვნა და პროექტის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო. მეორე ეტაპზე განაცხადების მიღება 2015 წლის 3 დეკემბერს დაიწყება და 25 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება", - აცხადებენ სამინისტროში. მათივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, ფულადი დახმარება გაიცემა იმ დევნილ ოჯახებზე, რომლებსაც 2015 წლის პირველ იანვრამდე, იპოთეკური სესხით შეძენილი აქვთ საცხოვრებელი სახლი/ბინა და აღნიშნული წარმოადგენს ოჯახის ერთადერთ კერძო საკუთრებას.

იპოთეკური სესხის დაფარვისათვის, ფულადი დახმარების მაქსიმალური ოდენობა ერთ დევნილ ოჯახზე არის, არაუმეტეს, 20 000 ლარი. სამინისტროს ცნობით, იპოთეკური სესხის დაფარვის პროექტის მეორე ეტაპისთვის საბიუჯეტო ასიგნებებიდან 1 000 000 ლარი გამოიყოფა. განაცხადები მიიღება შემდეგ მისამართებზე: თბილისი - ვაჟა-ფშაველას ქ. N16; ზუგდიდი - რუსთაველის ქ. N87; ქუთაისი - ირაკლი აბაშიძის გამზ. N27; რუსთავი - ვახუშტის ქ. N8; გორი - შმაგის ქ. N1.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე