კახა კალაძე - კვლევები დაადგენს, რამდენად მტკივნეული შეიძლება იყოს ტექდათვალიერების შემოღება მოსახლეობისთვის

კვლევები დაადგენს, რამდენად მტკივნეული შეიძლება იყოს ტექდათვალიერების შემოღება მოსახლეობისთვის, - ამის შესახებ მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განუცხადა.

როგორც კალაძემ შესაბამის საკითხზე კომენტირებისას აღნიშნა, მოსახლეობის უმეტესი ნაწილისთვის შესაძლოა, ეს არც იყოს მტკივნეული, "ამიტომ, საჭიროა კვლევების ჩატარება, რათა მივიღოთ რეალური სურათი, თუ რა ხდება ამ მიმართულებით და რა განწყობა აქვს მოსახლეობას".

"ვფიქრობ, კვლევები მოგვცემს რეალურ შედეგს, რა სურს მოსახლეობას. თუმცა, ალბათ, ყველანი დამეთანხმებით იმაში, რომ განსაკუთრებით დედაქალაქის მოსახლეობა ძალიან შეწუხებულია არსებული მდგომარეობით", - აღნიშნა კახა კალაძემ.