თბილისის მერია შშმ მოსწავლეებს ადაპტირებული ტრანსპორტით უზრუნველყოფს

თბილისის მერის, დავით ნარმანიას წინასაარჩევნო დაპირების შესაბამისად, თბილისის მერია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეების ადაპტირებული ტრანსპორტით უზრუნველყოფას იწყებს. როგორც თბილისის მერიაში იუწყებიან, "ინკლუზიური განათლების ხელმისაწვდომობის" პროგრამის ფარგლებში, თბილისის მერიამ ორი ადაპტირებული მიკროავტობუსი შეიძინა, რის შემდეგაც, პირველ ეტაპზე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად შეირჩა 4 საჯარო სკოლა, რომელსაც აღნიშნული მიკროავტობუსები მოემსახურება; ესენია - N173, N87, N177 და N191 საჯარო სკოლები. ახალი სერვისით ამ ეტაპზე 14 განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლე ისარგებლებს. მიკროავტობუსების ტრანსპორტირებისა და ექსპლუატაციის ხარჯებს თბილისის მერია სრულად უზრუნველყოფს.

დავით ნარმანიას განცხადებით, 2016 წელს დაგეგმილია გეოგრაფიული არეალის გაზრდა და დამატებით 6 ადაპტირებული ტრანსპორტის შესყიდვა, რაც კიდევ უფრო აამაღლებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მობილურობას და სასწავლო პროცესში ჩართულობის ხარისხს, ამასთან, აღნიშნული პრობლემა დედაქალაქში სრულად იქნება მოგვარებული.

"თბილისის მერია აქტიურად ზრუნავს, რომ შშმ პირები მაქსიმალურად იყვნენ ადაპტირებულები, შესაბამისად, ჩვენ წელს განსაკუთრებული აქცენტი მოზარდებზე გავაკეთეთ. სპეციალურად შევიძინეთ ორი ადაპტირებული მიკროავტობუსი, რომლითაც ბავშვები სკოლაში ივლიან. გარდა ამისა, მომავალ წელს, დამატებით, გავითვალისწინეთ 6 ადაპტირებული ავტობუსის შეძენა და ამით დედაქალაქში არსებული აღნიშნული პრობლემა სრულად იქნება მოგვარებული. ამასთან, 2 კვირის წინ, თბილისის მთავრობის სხდომაზე დავამტკიცეთ მუნიციპალური შენობა-ნაგებობებისა და სივრცეების ადაპტირების 3 წლიანი პროგრამა, რომლის შესაბამისადაც ყველა მუნიციპალური შენობა-ნაგებობა და ძირითადი სივრცე იქნება ადაპტირებული. ამ მიმართულებებით 3 წლის განმავლობაში 14 000 000 ლარი დაიხარჯება", - განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერიის ახალი პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების დამოუკიდებელ და უსაფრთხო გადაადგილებასა და სასწავლო პროცესში აქტიურ ჩართულობას.