გაეროს მოსახლეობის ფონდის ორგანიზებით, ღონისძიება "მამები და შვილები" გაიმართება

თბილისის მწვანე სკოლაში ხვალ გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში, ღონისძიება "მამები და შვილები" გაიმართება. ღონისძიებას გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) პარტნიორ ორგანიზაცია we care-სთან ერთად მართავს.

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ცნობით, 16-დღიანი გლობალური კამპანია მიზნად ისახავს ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმის აღმოფხვრას საზოგადოების ცნობიერების ამაღლებით და ქალთა უფლებების ირგვლივ სამოქალაქო კონსოლიდაციის მხარდაჭერით, შესაბამისი პოლიტიკის გატარების და ეროვნული და ადგილობრივი პროგრამების გაძლიერების ადვოკატირებით. ღონისძიებაში "მამები და შვილები" მონაწილეობას მიიღებენ მამები, რომლებიც თავიანთ შვილებსა და მათ თანატოლებს საბავშვო წიგნებს საჯაროდ წაუკითხავენ. პროექტის მიზანია წაახალისოს კაცების, როგორც მზრუნველი მამების ჩართულობა ოჯახების კეთილდღეობისათვის, რათა კაცებმა მეტად დაუჭირონ მხარი ქალთა სოციალურ და ეკონომიურ თანასწორობას და მეტი პასუხისმგებლობა აიღონ საოჯახო საქმესა და ბავშვებზე ზრუნვაზე.

"გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მხარდაჭერით 2013 წელს ჩატარებულმა კვლევამ "კაცები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში", აჩვენა, რომ საზოგადოებაში არსებობს სტერეოტიპული "კაცური" და "ქალური" საქმის აღქმა. კაცურ საქმედ ითვლება საოჯახო ნივთების შეკეთება, ხოლო ქალურ საქმედ - დალაგება, ოჯახის მოვლა, საჭმლის გაკეთება, ბავშვებზე ზრუნვა, რაც ოჯახური საქმის ტვირთს მთლიანად ქალს აკისრებს. 10-დან რვა მამა 6 წლამდე შვილებს ყოველდღიურად არ უკითხავს წიგნებს, არ მიჰყავს ბაღში, ან გასართობად და არ უკეთებს საჭმელს", - აცხადებენ ფონდში.

მათივე თქმით, მამების ჩართულობის ამაღლებისათვის 2014 წლიდან UNFPA-ის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი "მამა, წიგნი წამიკითხე", რომლის ფარგლებში ჩატარდა პოპულარული სოციალური მედია კამპანია, სხვადასხვა ღონისძიება თუ აქცია, მათ შორის საჯარო კითხვის სესიები ბავშვებისათვის საზოგადოებისათვის ცნობილი მამების მონაწილეობით.