მართვის მოწმობის აღებისთვის საჭირო გამოცდის გავლა მოქალაქეებს შესაძლოა ავტომანქანების რეალურ მოძრაობაში მოუწიოთ

მართვის მოწმობის აღებისთვის საჭირო გამოცდის გავლა მოქალაქეებს, შესაძლოა, ქალაქში, ავტომანქანების რეალურ მოძრაობაში მოუწიოთ. მართვის მოწმობის ტესტის რეალურ მოძრაობაში გადატანა ერთ-ერთი კომპონენტია, რომელსაც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ახალი პროგრამა ითვალისწინებს. როგორც ჟურნალისტებს შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა განუცხადა, მართვის მოწმობის ტესტის რეალურ მოძრაობაში გადატანასთან დაკავშირებით ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს. ხუციშვილის განმარტებით, ეს არის საქართველოს ვალდებულება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე.

"ამაზე მიდის მუშაობა, რამდენიმე ვარიანტი განიხილება. მე არ შემიძლია გითხრათ ზუსტი დრო, მაგრამ ინტენსიურად ვმუშაობთ და ვცდილობთ, რომ მართვის მოწმობის ტესტის რეალურ მოძრაობაში გადატანა რაც შეიძლება მალე განხორციელდეს", - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.