მაღალმთიან აჭარაში თოვლმა პრობლემები შექმნა

მაღალმთიან აჭარაში მოსულმა უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა. 60 სანტიმეტრამდე თოვლმა დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც ხულოს მუნიციპალიტეტის 15 სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება. როგორც ხულოს გამგებელმა, ბესიკ ბაუჩაძემ სააგენტოს განუცხადა, გოდერძის უღელტეხილზე უკვე მეტრნახევრამდე თოვლია, თუმცა იმის გამო, რომ იქ გადაადგილება ზამთრის პერიოდში საშიშია, გზა ოფიციალურად ორი კვირის წინ ჩაიკეტა. მისივე განმარტებით, მუნიციპალიტეტის ზემო სოფლებში გზები დილიდან იწმინდებოდა და ორხიდიანი სატრანსპორტო საშუალებების მიმოსვლა არ შეფერხებულა.

"გოდერძის უღელტეხილზე თოვლის საფარი მეტრნახევარზე მეტია. ეს გზა ოფიციალურად ორი კვირის წინ ჩაიკეტა. ზამთრის პერიოდში იქ მიმოსვლა საშიშია, რადგან გზის გაწმენდიდან ერთ საათში შეიძლება იმ რაოდენობის ნალექი მოვიდეს, რომ კვლავ ჩაკეტოს. 60 სანტიმეტრია თოვლის საფარი დანისპარაულის მიმართულებით, მაღალმთიან სოფლებში 40-50-ს აღწევს, ხიხაძირის მიმართულებთ უფრო ნაკლები - 30 სანტიმეტრი იქნება, რაც შეეხება დაბა ხულოს, იქ თოვლის საფარი 20 სანტიმეტრს უტოლდება. ამ ეტაპზე, გზები ჩაკეტილი არ არის. რიყეთისა და ბორჯომის მიმართულებით დილიდან დაიწყო გზების გაწმენდა, ორხიდიან სატრანსპორტო საშუალებებს უპრობლემოდ შეუძლიათ გადაადგილება. ელექტროენერგიის გარეშე 15 სოფელია დარჩენილი, მაგრამ უკვე მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები და დღის ბოლომდე ველოდებით შუქის ჩართვას", - აღნიშნა ბესიკ ბაჩაძემ.

თოვლმა ასევე პრობლემები შექმნა შუახევის მუნიციპალიტეტში. ზემო სოფლებში თოვლის საფარი ნახევარ მეტრამდეა, ხოლო დაბაში 15 სანტიმეტრამდე. ელექტროგადამცემი ხაზები დაზიანებულია შუახევშიც.