სასწრაფოს, სახანძროსა და პოლიციის მანქანისთვის გზის არდათმობა, შესაძლოა, 300 ლარით დაჯარიმდეს

სასწრაფოს, სახანძროსა და პოლიციის მანქანისთვის გზის არდათმობა, მართვის მოწმობის ჩამორთმევის ნაცვლად, შესაძლოა, 300 ლარიანი ჯარიმით შეიცვალოს, ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, შალვა ხუციშვილმა შსს-ში განაცხადა, სადაც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ახალი პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა. როგორც ხუციშვილმა განმარტა, აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი "საგადასახადო კოდექსში" ცვლილებებს ითვალისწინებს. მისივე თქმით, ახალი მიდგომის შემუშავება ფინანსთა სამინისტროსთან ერთად მოხდა და ეს ახალისებს ახალი ავტომობილების შემოყვანას და ძველი ავტომობილების განბაჟებას უფრო მეტად ამკაცრებს. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, იმისთვის, რომ მოსახლეობის ნაკლებად შეძლებულ ფენებს არ გაუძვირდეთ სატრანსპორტო საშუალებებზე ხელმისაწვდომობა, მოტოციკლეტების, მოპედების განბაჟება მაქსიმალურად იაფი ხდება და ნაცვლად დამატებითი ღირებულების გადასახადისა, ისინი აქციზის მიხედვით განბაჟდებიან, როგორც ეს არის ავტომობილების შემთხვევაში.

შლვა ხუციშვილის თქმით, ამ კანონპროექტის ნაწილია ცვლილებები "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში", რომელიც რამდენიმე სიახლეს გულისხმობს.

"მაგალითად, დღეისთვის ჩვენ გვაქვს მდგომარეობა, როდესაც სასწრაფოსთვის გზის არდათმობა მართვის მოწმობის ჩამორთმევით ისჯება, თუმცა ამის სტატისტიკა გვაქვს სავალალო. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სასწრაფოსთვის, სახანძროსთვის და პოლიციის მანქანისთვის გზის არდათმობა ამდენად მკაცრი არ უნდა იყოს, თუმცა ადმინისტრირება უნდა გამკაცრდეს და მართვის მოწობის ჩამორთმევის ნაცვლად, ეს დაისჯება 300 ლარიანი ჯარიმით და ადმინისტრირება ამ მიმართულებით გამკაცრდება", - განაცხადა ხუციშვილმა.

გარდა ამისა, მისივე თქმით, 40 კილომეტრ/საათის ფარგლებში სიჩქარის გადაჭარბება 50 ლარიან სანქციას გამოიწვევს, ხოლო 40 კილომეტრ/საათზე ზევით სიჩქარის გადაჭარბება უფრო მკაცრად დაისჯება.

"მნიშვნელოვანი სიახლეა ასევე ღერძულა ხაზის გადაკვეთის შედეგად საპირისპირო ზოლში მოძრაობა. ალბათ, ბევრი შენიშნავდით, როდესაც თქვენ თქვენს ზოლში მოძრაობთ და ხედავთ, შუქნიშანზე გაჩერებულ ან საცობის შემთხვევაში, როგორ გადაკვეთს რომელიმე თავხედი მძღოლი და მოძრაობს პარალელურად საპირისპირო ზოლში იმისთვის, რომ გაასწროს ამ რიგს. ეს საკმაოდ დიდი პრობლემაა და ჩვენი ინფორმაციით, საცობების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამომწვევია, ამიტომ ამის მიმართაც გამკაცრდება და 300 ლარიანი ჯარიმით დაისჯება ასეთი შემთხვევები. ამ მიმართულებით ადმინისტრირებაც გამკაცრდება", - განაცხადა ხუციშვილმა.