თურქეთი და აზერბაიჯანი რუსეთის ავლით ევროპისთვის გაზის მიწოდებას დააჩქარებენ

თურქეთი და აზერბაიჯანი ტრანსანატოლიური გაზსადენის (TANAP) მშენებლობის დაჩქარებაზე და ვადაზე ადრე დასრულებაზე შეთანხმდნენ.

თურქეთის პრემიერ-მინისტრ აჰმეთ დავითოღლუსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ერთობლივი შეხვედრის შედეგად გადაწყდა, რომ TANAP-ის გაზსადენი დაგეგმილ დროზე - 2018 წლამდე ადრე ჩაეშვება.

„ამ პროექტის რეალიზაციით აზერბაიჯანი შეძლებს გაზის ექსპორტის განხორციელებას უფრო მეტი მოცულობით ჯერ თურქეთში, შემდეგ კი ევროპაში. თურქეთი და ევროპის ქვეყნები ალტერნატიულ გაზის მიმღებს მიიღებენ“, - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

ტრანსანატოლიური გაზსადენი სამხრეთის დერეფნის პროექტის ნაწილია. ის თურქეთზე გაივლის საქართველოს საზღვრიდან თურქეთ-საბერძნეთის საზღვრამდე. ამ გაზსადენზე მიწოდება დაგეგმილია აზერბაიჯანიდან და თურქმენეთიდან, საქართველოს გავლით თურქეთში და შემდეგ - ევროპაში.

პროექტის საწყისი მოცულობა 16 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს შედგენს, საიდანაც 10 მილიარდი კუბური მეტრი ევროპაში გაიგზავნება, ხოლო 6 მილიარდ კუბურ მეტრს თურქეთი მოიხმარს. პროექტის თანახმად, ევროპა ბუნებრივი აირით 2020 წლიდან მომარაგდება,

TANAP-ის გაზსადენი რუსული პროექტის „თურქული ნაკადის“ ალტერნატივად მოიაზრება.

რუსეთ-თურქეთს შორის დაძაბული ურთიერთობის ფონზე, რუსეთმა „თურქულ ნაკადზე“ მოლაპარაკებები შეაჩერა. „თურქული ნაკადის“ მილსადენით რუსეთი ევროპისთვის გაზის მიწოდებას გეგმავდა.