ირაკლი ღარიბაშვილი - ქვეყნის სუფთა ენერგიით უზრუნველყოფისთვის მნიშვნელოვანია განახლებადი ენერგეტიკული რესურსების ათვისება

ქვეყნის სუფთა ენერგიით უზრუნველყოფისთვის მნიშვნელოვანია განახლებადი ენერგეტიკული რესურსების ათვისება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ენერგეტიკული ქარტიის კონფერენციის მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"მინდა შევეხო კლიმატის ცვლილებების პრობლემის გადაჭრას - ქვეყნის სუფთა ენერგიით უზრუნველყოფისთვის მნიშვნელოვანია განახლებადი ენერგეტიკული რესურსების ათვისება.

საქართველო მდიდარია ჰიდრორესურსებით. ჩვენ გვაქვს ქარის, მზის, ბიომასისა და გეოთერმული წყლების ენერგიის პოტენციალიც, რაც საშუალებას იძლევა, რომ შეიქმნას დამატებითი სიმძლავრეები ადგილობრივი და უცხოური ინვესტიციების საშუალებით. ჩვენ ვმუშაობთ საინვესტიციო გარემოს გაჯანსაღებისთვის, რაც გულისხმობს სტაბილური, გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული სამართლებრივი ბაზის შექმნას", - აღნიშნა პრემიერმა.

მან მადლობა გადაუხადა კონფერენციის მონაწილეებს და იმედი გამოთქვა, რომ გაიმართება საინტერესო დისკუსიები, რომლებიც სასარგებლო იქნება ყველასთვის, გამოიკვეთება ახალი შესაძლებლობები, დაისახება გეგმები, რაც ხელს შეუწყობს მომავალი თანამშრომლობის გაღრმავებას.