ირაკლი ღარიბაშვილი - ყველაზე დიდი გამოწვევაა ენერგორესურსებზე მზარდი დამოკიდებულება, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას ეკონომიკურ განვითარებას

ენერგორესურსებზე მზარდმა დამოკიდებულებამ შეიძლება, საფრთხე შეუქმნას მსოფლიოს ეკონომიკურ განვითარებას და თითოეული ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ენერგეტიკული ქარტიის კონფერენციის მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. სწორედ ამიტომ, პრემიერის თქმით, ყველა სახელმწიფოს მთავარი ამოცანა ენერგოდივერსიფიკაციის ახალი გზების ძიებაა.

"ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია, რომ წელს საქართველო მასპინძლობს ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციას ევროპის ენერგეტიკული ქარტიის, რომელიც 50-ზე მეტ სახელმწიფოს აერთიანებს. მივესალმები, რომ ქარტია ხელს უწყობს სამართლებრივი ურთიერთობების ჩამოყალიბებას და სრულყოფას და თავის საქმიანობით მინიმუმამდე ამცირებს ენერგეტიკის სფეროში ინვესტიციებთან და სატრანზიტო პოლიტიკასთან დაკავშირებულ რისკებს. მოგეხსენებათ, რომ საერთაშორისო ენერგეტიკულ ბაზრებზე ბოლო წლებში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეინიშნება, დღითიდღე იზრდება ენერგეტიკულ რესურსებზე მოთხოვნა და ამ ვითარებაში დღეს ყველაზე დიდი გამოწვევაა სწორედ ენერგორესურსებზე მზარდი დამოკიდებულება, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას მსოფლიოს ეკონომიკურ განვითარებას და თითოეული ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას. სწორედ ამიტომ, ყველა სახელმწიფოს მთავარი ამოცანაა ენერგოდივერსიფიკაციის ახალი გზებისა და საშუალებების მოძებნა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშილმა.