ირაკლი ღარიბაშვილი - BSTN-ის პროექტის გაგრძელება რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ელექტროენერგიის რეგიონალურ ბაზარში ჩართვაა

შავი ზღვის ელექტროგადამცემი ქსელის (BSTN) პროექტის ლოგიკური გაგრძელება რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ელექტროენერგიის რეგიონალურ ბაზარში ჩართვას გულისხმობს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ენერგეტიკული ქარტიის კონფერენციის მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერის აზრით, ეს კიდევ უფრო გააუმჯობესებს ელექტროენერგიით ტრანსსასაზღვრო ვაჭრობას რეგიონში.

"ენერგეტიკული უსაფრთხოების მაღალი ხარისხის მიღწევა შეუძლებელია რეგიონალური თანამშრომლობის განვითარების გარეშე. ამიტომაც საქართველოს, როგორც ენერგეტიკული ქარტიის თავმჯდომარე ქვეყნის, ინიციატივა იყო სამხრეთ კავკასიაში ელექტროენერგიით ვაჭრობის სფეროში რეგიონალური თანამშრომლობის გაღრმავება. ამისთვის შეიქმნა პოლიტიკური პლატფორმა როგორც ჩრდილოეთ-სამხრეთ, ისე დასავლეთ-აღმოსავლეთ ენერგეტიკული დერეფნების ქვეყნებისთვის და განხილულ იქნა ქმედითი სატრანსპორტო დერეფნის შექმნის და რეგიონალურ ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობები. ამ ეტაპზე თურქეთთან დამაკავშირებელი ახალი ელექტროგადამცემი ხაზი, რომელიც ექსპლუატაციაში 2013 წელს შევიდა, სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებისთვის მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წამოადგენს. შავი ზღვის ელექტროგადამცემი ქსელის პროექტის ლოგიკური გაგრძელება გულისხმობს რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ჩართვას ელექტროენერგიის რეგიონალურ ბაზარში, რომელიც კიდევ უფრო გააუმჯობესებს, ჩვენი აზრით, ელექტროენერგიით ტრანსსასაზღვრო ვაჭრობას რეგიონში", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.