ლარის გაუფასურების 5 უარყოფითი და 2 დადებითი შედეგი

ლარის გაუფასურებას ბევრი უარყოფითი შედეგი მოყვა. თუმცა ეკონომიკისექსპერტები ეროვნული ვალუტის დევალვაციასთან დაკავშირებით დადებით მოვლენებზეც ამახვილებენ ყურადღებას.

როგორც ეკონომიკის ექსპერტი, სოსო არჩვაძე აღნიშნავს, ლარის გაუფასურების უარყოფით შედეგებს შორის, აღსანიშნავია საკრედიტო რესურსის გაძვირება, ბიზნესის მიერ უსაფრთხოების ბალიშის შექმნა და იმპორტირებული საქონლის გაძვირება. ექსპერტი ემზარ ჯგერენაია ყურადღებას ასევე გაზრდილ ფასებზე, მოსახლეობაში ფინანსური მოულოდნელობის სინდრომის გაჩენაზე, საკრედიტო კალათის დამძიმებასა და ინვესტორების შეფერხებაზე ამახვილებს. რაც შეეხება დადებით შედეგებს, სოსო არჩვაძის თქმით, აბსოლუტურ პოზიტიურ შედეგებზე საუბარი არ შეიძლება, მაგრამ, ლარის გაუფასურებაში, გარკვეულწილად, დადებითი მომენტების დანახვის შესაძლებლობა არსებობს.

1. გაძვირდა საკრედიტო რესურსი. "მოსახლეობას გაუძვირდა საკრედიტო რესურსი, განსაკუთრებით მათ, ვისაც სხვა ვალუტაში აქვთ აღებული სესხი. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოში დოლარიზაციის დონე მაღალია, ამიტომ, გაცემული სესხების თითქმის 2/3 უცხოურ ვალუტაზე მოდის. შესაბამისად, ლარის კურსის დაცემამ, საკრედიტო რესურსის ღირებულება გააძვირა", - აღნიშნავს სოსო არჩვაძე.

2. გაძვირდა იმპორტირებული საქონლი.

ლარის კურსის დაცემის შედეგად გაძვირდა ბევრი იმპორტირებული საქონელი. მათ შორის, არა მარტო ხანგრძლივი მოხმარების საგნები, არამედ, მედიკამენტები, რომლის მომხმარებლები შედარებით დაბალშემოსავლიანი, საპენსიო, მაღალი ასაკობრივი ჯგუფის ადამიანები არიან", - ამბობს ეკონომიკის ექსპერტი.

3. ბიზნესის მიერ უსაფრთხოების ბალიშის შექმნა და ფასების გაზრდა. "გაჩნდა არასტაბილურობის განცდა საზოგადოებაში და ბიზნესმა უსაფრთხოების ბალიშის შექმნა დაიწყო. მაგალითად, ლარი დაეცა, დოლარი გაძვირდა, დავუშვათ, 10%-ით, ლართან მიმართებაში, ბევრი საქონელი, რომელიც იმპორტირებული იყო, ბიზნესის წარმომადგენლებმა იმაზე მეტად გააძვირეს, ვიდრე ეს კურსის დაცემით იყო გამოწვეული - რისკის ფასი გაიზარდა", - ამბობს სოსო არჩვაძე.

4. ფინანსური მოულოდნელობის სინდრომი საზოგადოებაში.

"საზოგადოებაში გაჩნდა ფინანსური მოულოდნელობის სინდრომი", - ამბობს ემზარ ჯგერენაია.

5. ინვესტორების შეფერხება.

"ლარის გაუფასურებამ ინვესტორები შეაფერხა დროებით, რადგან ფულის უკან წაღება გაუძვირდათ", - აღნიშნავს ემზარ ჯგერენაია.

6. გაიოლდა ექსპორტი.

პოზიტიური შედეგების კომენტირებისას, სოსო არჩვაძე აღნიშნავს: "როცა ეროვნული ვალუტის კურსი ეცემა, საქონლის ექსპორტი იოლდება.

თუმცა აქაც გარკვეული პირობითობაა. დოლარის მიმართ ეროვნული ვალუტა დაეცა არა მარტო საქართველოში, არამედ ჩვენს ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებშიც. ამიტომ გაიაფებული ლარით საქონლის ექსპორტი იმ ქვეყნებში, სადაც სავაჭრო ურთიერთობები გვაქვს, მაინც გაძვირდა. იგივე უკრაინაში, რუსეთში, თურქეთში, აზრებაიჯანში, უფრო მეტად დაეცა ამ ქვეყნების ვალუტების თანაფარდობა ამერიკულ დოლართან და საბოლოო ჯამში, ლარი ამერიკულ დოლართან მაინც ძვირად გამოჩნდა. ჩვენი საქონელი ამ ქვეყნების ბაზრებზე უფრო გაძვირდა".

7. დივერსიფიცირების შესაძლებლობა.

"ასევე პოზიტიური მომენტია, რომ საქართველოს აქვს შანსი, იზრუნოს სხვა ბაზრებზე გასვლაზე, დივერსიფიცირებაზე და იმ ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებზე, რომლებსაც აქვთ შედარებით მაღალი კურსი, ამერიკულ დოლართან მიმართებაში", - ამბობს სოსო არჩვაძე და რიტორიკულ კითხვას სვამს: "თუ ლარი ეცემა ამერიკულ დოლართან, რატომ არ შეიძლება ჩვენ ამერიკულ ბაზარზე გავიტანოთ საქონელი?"

თამარ კორკოტაშვილი

AMBEBI.GE