დიმიტრი ქუმსიშვილი - საქართველო პარტნიორ ქვეყნებსა და ინვესტორებს ბიზნესის კეთების ხელსაყრელ პირობებს სთავაზობს

საქართველო პარტნიორ ქვეყნებსა და ინვესტორებს ბიზნესის კეთების ხელსაყრელ პირობებს სთავაზობს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა სასტუმრო "რედისონში" განაცხადა, სადაც ის ენერგეტიკული ქარტიის კონფერენციის მინისტერიალის 26-ე შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა. როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, საქართველოსა და ევროკავშირს შორის შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ მოიცავს როგორც ენერგორესურსებით თავისუფალი ვაჭრობის, ასევე მხარეებს შორის თავისუფალი ტრანზიტის უზრუნველყოფის ვალდებულებებს. მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა თანმიმდევრულად ახორციელებს რეფორმებს DCFTA-ით აღებული ვალდებულებების შესაბამისად.

"შესაბამისად, DCFTA და ამ შეთანხმებით აღებული ვალდებულებების ეფექტიანი იმპლემენტაცია დამატებითი სტიმულია ინვესტორებისთვის ჩვენს ბაზარზე საქმიანობის განვითარების თვალსაზრისით, რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს და ახალისებს ინვესტიციებს ენერგოსექტორში.

საქართველო პარტნიორ ქვეყნებსა და ინვესტორებს სთავაზობს ლიბერალურ და სტაბილურ ეკონომიკურ გარემოს, დაბალ გადასახადებს, ბიზნესის კეთებისთვის ხელსაყრელ პირობებს, მსოფლიო ბანკის Doing Business-ის რეიტინგის მიხედვით საქართველო არის რეგიონში მოწინავე რეფორმატორი ქვეყანა და ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მეოთხე ადგილზეა ბიზნესის კეთების სიმარტივით", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი იმედოვნებს, რომ დღევანდელი შეხვედრა იქნება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ენერგეტიკულ სფეროში თანამშრომლობის შემდგომი განვითარების მიმართულებით, რაც კიდევ უფრო გააღრმავებს უკვე არსებულ ურთიერთობებს.