გიგლა აგულაშვილმა და UNDP-ის ხელმძღვანელმა ახალი პროექტის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა ნილს სკოტმა ახალი პროექტის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომელიც საქართველოს მინამატას კონვენციის შესრულებაში დაეხმარება. როგორც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში იუწყებიან, მინამატას კონვენცია გლობალური შეთანხმებაა ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე ვერცხლისწყლისა და მისი შენაერთების დამაზიანებელი ზემოქმედების შემცირების შესახებ.

"საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც 2013 წელს ხელი მოაწერა მინამატას კონვენციას. საქართველოს მთავრობა ყოველთვის პროაქტიურია გარემოსდაცვითი ღონისძიებების ჩატარების სფეროში, როგორც ეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პარიზში აღნიშნა. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ხელშეწყობით საქართველო ასევე წარმატებით განახორციელებს ამ კონვენციას", - განაცხადა ნილს სკოტმა.

პროექტის მიზანია ვერცხლისწყლის მარაგების პირველადი შეფასება, რაც საქართველოს მთავრობას შესაძლებლობას მისცემს, დაადგინოს სახელმწიფოებრივი მოთხოვნები და საჭიროებები მინამატას კონვენციის სამომავლო რატიფიცირებისათვის. პროექტი გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, რისთვისაც 200 ათასი აშშ დოლარი დაიხარჯება.

მინამატას კონვენციას "ვერცხლისწყლის შესახებ" საქართველომ ხელი მოაწერა 2013 წლის 10 ოქტომბერს. კონვენცია ითვალისწინებს ფინანსური, ტექნიკური, ტექნოლოგიური შესაძლებლობების გაძლიერების მხარდაჭერას, განსაკუთრებით, განვითარებადი ქვეყნებისა და გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებისთვის. ასევე, ითვალისწინებს ვერცხლისწყლისა და მისი ნაერთების აღრიცხვას, რეგისტრაციას, ადამიანის ჯანმრთელობაზე და გარემოზე მავნე ზემოქმედების შეფასებას, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას. მინამატას კონვენცია აწესებს რიგ ვალდებულებებს სხვადასხვა წარმოებიდან ვერცხლისწყლის გაფრქვევებზე, ვერცხლისწყლის შემცველი პროდუქტების წარმოებაზე, ექსპორტსა და იმპორტზე, ასევე ოქროს მცირემასშტაბიან (კუსტარულ) მოპოვებაზე, რომელიც ვერცხლისწყლის გაფრქვევის ერთ-ერთ წყაროს წარმოადგენს.