სოხუმი მზად არის, რუსეთში მანდარინის ექსპორტის მოცულობა გაზარდოს

სოხუმის მარიონეტული რეჟიმი მზადყოფნას გამოთქვამს, დაიწყოს რუსეთთან მოლაპარაკებები მანდარინის ექსპორტის მოცულობის გაზრდის შესახებ.

როგორც ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ დაუროვმა განაცხადა, წელს რუსეთში 40 000 ტონა მანდარინის ექსპორტია დაგეგმილი.

„რა თქმა უნდა, ერთბაშად ვერ მივაწოდებთ რუსეთს ციტრუსის მთელ იმ მოცულობას, რომელსაც თურქეთი აწვდიდა, თუმცა მთელი ჩვენი სასოფლო სამეურნეო პროდუქცია ისედაც რუსეთში ჩაგვაქვს“, - განაცხადა დაუროვმა.

მისი თქმით, „აფხაზეთი“ მზად არის, მოლაპარაკებები გამართოს რუსეთთან პროდუქციის გასაღებისა და დაფინანსების საკითხების დასაზუსტებლად.

რუსეთის გადაწყვეტილებით, თურქეთიდან ხილის იმპორტი 2016 წლის 1 იანვრიდან შეწყდება. სასანქციო სიაში თურქული მანდარინიც მოხვდა.