კახა კალაძე - არ ვიცი, რამდენად შესაძლებელია შაჰდენიზის მეორე ფაზის დასრულება 2018 წლამდე

ვიცე-პრემიერს, ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძეს უჭირს იმაზე საუბარი, თუ რამდენად შესაძლებელი იქნება შაჰდენიზის მეორე ფაზის პროექტის დროზე ადრე ანუ 2018 წლისთვის დასრულება.

ასე უპასუხა კახა კალაძემ იმ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც აზერბაიჯანული და თურქული მხარე შეთანხმდნენ იმაზე, რომ მოხდეს შაჰდენიზის პროექტის დროზე ადრე დასრულება. როგორც მინისტრმა განაცხადა, აღნიშნული პროექტი არის საერთაშორისო მნიშვნელობის.

"რაც შეეხება იმ განცხადებებს, რომელიც გუშინ სხვადასხვა სააგენტოს მიერ გავრცელდა, არ ვიცი, რამდენად შესაძლებელია ამ პროექტის მოსწრება-დასრულება 2018 წლამდე, რადგან ძალიან მასშტაბური სამუშაოებია ჩასატარებელი. თავიდან, როცა პროექტის განხორციელება დაიწყო, საუბარი იყო იმაზე, რომ 2019-2020 წლისთვის უნდა დასრულებულიყო, თუმცა მე გამიჭირდება იმაზე საუბარი, რამდენად შესაძლებელი იქნება 2018 წლისთვის ამ პროექტის დასრულება, იქედან გამომდინარე, რომ ძალიან დიდი, მოცულობითი სამუშაოებია ჩასატარებელი. ამიტომ დაველოდოთ, თუ როგორ განვითარდება მოვლენები", - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, საქართველოში მიმდინარე სამუშაოებს არანაირი შეფერხება არ აქვს და ძალიან ბევრი ადამიანია დასაქმებული.

"ამ პროექტის განხორციელებისთვის საქართველო ბევრ ბენეფიტს იღებს. ერთი არის ენერგეტიკული, რომ ჩვენ გვიჩნდება შესაძლებლობა მივიღოთ დამატებითი ბუნებრივი აირი არა უსასყიდლოდ, არამედ იაფად ვიყიდოთ დამატებითი მოცულობები", - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ის, რომ მშენებლობის პროცესში დასაქმებული იქნებიან ადამიანები და პროექტის დასრულების შემდეგ დაახლოებით 200 ადამიანისთვის შეიქმნება მუდმივი სამუშაო ადგილი.

კალაძის თქმით, ამ პროექტის განხორციელებაზე 25 მილიარდია გამოყოფილი, საიდანაც 2 მილიარდი დაიხარჯება საქართველოს ტერიტორიაზე განსახორციელებელ სამუშაოებზე.

კითხვაზე, იმ შემთხვევაში, თუ მოხდება დროზე ადრე დასრულება პროექტის, იქნება თუ არა საჭიროება იმისა, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდეს "გაზპრომთან" ბუნებრივი აირის დამატებით მოცულობებზე, კალაძემ აღნიშნა, რომ თუ საქართველო 2018 წელს მიიღებს დამატებით ბუნებრივ აირს, მაშინ "გაზპრომისგან" შესყიდვა აღარ დასჭირდება.

"იმ შემთხვევაში, თუ ეს მოხდება და 2018 წელს ჩვენ შეგვეძლება მივიღოთ ბუნებრივი აირი დამატებით, ანუ 2018 წელში ჩვენ არ დაგვჭირდება დამატებითი ბუნებრივი აირის შესყიდვა "გაზპრომისგან". თუმცა 10%, რომელსაც ჩვენ ვიღებთ გატარებაში, ამას აუცილებლად მივიღებთ. 2018 წლამდე ჩვენ თუ გვექნება იმის აუცილებლობა, რომ შემოვიტანოთ ბუნებრივი აირი, ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ, ისევ და ისევ ჩვენი ბაზრის მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვენი ხალხის და ქვეყნის საკეთილდღეოდ", - განაცხადა კახა კალაძემ.

თავის მხრივ, ენერგეტიკული ქარტიის გენერალურმა მდივანმა ურბან რუსნაკმა აღნიშნა, რომ დიდი მასშტაბის პროექტის დაგეგმვა და ზუსტად ცოდნა, თუ როდის დასრულდება ის, არის საკმაოდ ძნელი. მისივე თქმით, ადრეული დასრულება ამ პროექტის, ძალიან კარგი და ეკონომიკური ბიძგის მომტანი იქნება იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ამ პროექტში არიან ჩართულები.

"როგორც ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა ბრძანა, ამ ეტაპზე არ ვართ დარწმუნებულები, მოხდება თუ არა ადრეული დასრულება. ამ შემთხვევაში, უბრალოდ უნდა ვიმედოვნოთ, რომ ეს ასე მოხდება. რადგან, როგორც წესი, მსგავსი მასშტაბის ინფრასტრუქტურული პროექტები იწელება დროში", - განაცხადა ურბან რუსნაკმა.