GWP-ს განცხადებით, ცხელ ხაზზე დაფიქსირებული არცერთი ზარი უპასუხოდ აღარ დარჩება

კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" განცხადებით, ცხელ ხაზზე დაფიქსირებული არცერთი ზარი უპასუხოდ აღარ დარჩება. როგორც კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში" აცხადებენ, დღეიდან, უპასუხოდ აღარ დარჩება კომპანიის ცხელ ხაზზე დაფიქსირებული არცერთი გამოტოვებული ზარი, რომელზეც პასუხის გაცემა მოლოდინის რეჟიმის გახანგრძლივების, ან რაიმე სხვა ტექნიკური მიზეზის გამო აქამდე ვერ ხერხდებოდა.

კომპანიის ინფორმაციით, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ახალმა მენეჯმენტმა, მომხმარებელთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, ახალი პროექტი აამოქმედა, რომლის მიზანია, მომხმარებლის არცერთი გამოტოვებული ზარი არ დატოვოს უპასუხოდ. კომპანია თავად დაამყარებს უკუკავშირს იმ აბონენტებთან, რომლებიც ცხელ ხაზს დაუკავშირდებიან და სხვადასხვა მიზეზით, პრობლემის დაფიქსირებას ვერ შეძლებენ. პროექტის განსახორციელებლად, სპეციალურად, ახალი ტექნიკური მოდული შეიქმნა.

"პროექტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ აბონენტისა და ცხელი ხაზის ოპერატორის კავშირი ვერ შედგება, ტელეფონის ნომერი საინფორმაციო ბაზაში დაფიქსირდება, როგორც გამოტოვებული ზარი, რის შემდეგაც ცხელი ხაზის ოპერატორები აბონენეტებს თავად დაუკავშირდებიან. მომხმარებელთან უკუკავშირის შედეგად მიღებული ნებისმიერი შეკითხვა ან პრობლემა საერთო მონაცემთა ბაზაში დაფიქსირდება და კომპანიის შესაბამის სამსახურებს შესასრულებლად ავტომატურად გადაეცემა", - აცხადებენ კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში".