დიმიტრი ქუმსიშვილი - მესამე კვარტლის მონაცემებით, ბიზნესსექტორი მნიშვნელოვანი ზრდით გამოირჩევა

2015 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით, ბიზნესსექტორი მნიშვნელოვანი ზრდით გამოირჩევა, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც "საქსტატის" მონაცემებზე დაყრდნობით, 2015 წლის მესამე კვარტალში ბიზნესსექტორში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა. მინისტრის ინფორმაციით, 2015 წლის მესამე კვარტალში ბიზნესსექტორის ბრუნვა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15%-ით არის გაზრდილი და 13,9 მილიარდ ლარს აჭარბებს. ქუმსიშვილის თქმით, მსხვილი საწარმოების ბრუნვა გაზრდილია 13,7 პროცენტით და შეადგენს 11,304 მილიონ ლარს. საშუალო საწარმოების ბრუნვა გაზრდილია 5,8 პროცენტით და შეადგენს 1,212 მილიონ ლარს, მცირე საწარმოების ბრუნვა კი, მინისტრის ინფორმაციით, გაზრდილია 38,6 პროცენტით, რაც 1 მილიონ 366 ათას ლარს შეადგენს.

"საქსტატის მონაცემებით, 2015 წლის მესამე კვარტალში ბიზნესსექტორის ბრუნვა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 15 პროცენტით, ანუ 1,8 მილიარდი ლარით არის გაზრდილი და 13,9 მილიარდ ლარს აჭარბებს. 2015 წლის 9 თვეში ბიზნესსექტორის ბრუნვა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 13,9 პროცენტით ანუ 4,6 მილიარდი ლარით არის გაზრდილი და 37,8 მილიარდ ლარს აჭარბებს", - განაცხადა ეკონონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, მესამე კვარტალში ბიზნესსექტორის ბრუნვა გაზრდილია ეკონომიკური საქმიანობის თითქმის ყველა დარგში. მაღალი ორნიშნა ზრდა, 80,7 პროცენტიანი დაფიქსირდა, სამთომოპოვების მრეწველობაში ასევე ორნიშნა ზრდა არის დაფიქსირებული სასტუმროებისა და რესტორნების მშენებლობის, განათლების, ელექტროენერგიის და სხვა ბიზნესსექტორებში.