"მესამე კვარტლის მონაცემებით, ბიზნესსექტორში შარშანდელთან შედარებით 48,4 ათასი ადამიანით მეტი დასაქმდა"

2015 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით, ბიზნესსექტორში 48,4 ათასი ადამიანით მეტი დასაქმდა, ვიდრე ეს იყო გასული წლის ამავე პერიოდში.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თქმით, სულ დასაქმებულთა რაოდენობამ 568,6 ათასი პირი შეადგინა. დიმიტრი ქუმსიშვილმა 2015 წლის მესამე კვარტალში ბიზნესსექტორში არსებული მდგომარეობის შესახებ ჟურნალისტებს ინფორმაცია მიაწოდა. მინისტრის ინფორმაციით, მსხვილ საწარმოებში 11.142 ადამიანით მეტი დასაქმდა. მსხვილ საწარმოებში დასაქმებულთა რაოდენობამ 342 563 ადამიანი შეადგინა, საშუალო საწარმოებში დასაქმებულთა რაოდენობამ 93.819 შეადგინა, ხოლო მცირე საწარმოებში დასაქმებულთა რაოდენობამ 132 255 ადამიანი შეადგინა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თქმით, მთლიან დასაქმებულებში ლიდერობს ვაჭრობა, რომელზეც 24,9 პროცენტი წილი მოდის, მას მოჰყვება მრეწველობა 19,3 პროცენტით და მშენებლობა 10,7 პროცენტით.

"2015 წლის მესამე კვარტალში 2011 წლის მესამე კვარტალთან შედარებით, ბიზნესსექტორში დასაქმებულთა რაოდენობა გაზრდილია 208 569 კაცით, რაც არის 57,9 პროცენტი", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დღევანდელ ბრიფინგზე ჟურნალისტებს ინფორმაცია მიაწოდა ასევე ბიზნესსექტორში საშუალო თვიური ხელფასის შესახებ.

"აღსანიშნავია, რომ ბიზნესსექტორში საშუალო თვიურმა ხელფასმა 2015 წლის მესამე კვარტალში, 961, 1 ლარი შეადგინა, რაც 12,8 პროცენტით აღემატება 2015 წლის პირველი კვარტლის, ხოლო 8,3 პროცენტით გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნული მაჩვენებლები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს ეკონომიკა სწორი გზით ვითარდება და მთავრობა ყველაფერს აკეთებს როგორც ეკონომიკის განვითარებისთვის, ასევე დასაქმების შესაძლებლობების ზრდისთვის.