სახალხო დამცველი "სექსუალური აღზრდის" სახელწოდებით გავრცელებული რეკლამის გამო შეშფოთებას გამოთქვამს

საქართველოს სახალხო დამცველი შეშფოთებას გამოთქვამს ინტერნეტ სივრცეში მაღაზიათა ქსელი "საგას" მიერ "სექსუალური აღზრდის" სახელწოდებით გავრცელებული რეკლამის გამო, რომელშიც არასრულწლოვანი მონაწილეობს.

როგორც სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, უჩა ნანუაშვილს მიაჩნია, რომ აღნიშნული ვიდეორგოლის სიუჟეტი არ შეესაბამება მოცემული ასაკის როგორც მონაწილე, ასევე მაყურებელი არასრულწლოვნების შემეცნებითი და ემოციური განვითარების დონეს, შესაბამისად წარმოადგენს ძალადობრივ ზეწოლას მოზარდის ფსიქიკურ შესაძლებლობებზე და უხეშად არღვევს გაერო-ს ბავშვის უფლებათა კონვენციით გარანტირებული ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის პრინციპს.

"საქართველოს კანონი "რეკლამის შესახებ" არეგულირებს რეკლამის წარმოების, განთავსებისა და გავრცელების დროს არასრულწლოვანთა დაცვის საკითხებს. ამავე კანონით, იკრძალება არასრულწლოვანთა გულუბრყვილობისა და გამოუცდელობის ბოროტად გამოყენება და რეკლამაში ისეთი ტექსტის, აუდიო და ვიდეოინფორმაციის მოთავსება, რომელიც არასრულწლოვანს საშიშ ადგილასა და ვითარებაში აჩვენებს. საყურადღებოა, რომ რეკლამაში გადმოცემულია არასრულწლოვნის მძიმე ემოციური მდგომარეობა ბავშვის ღირსებისა და პატივის შემლახველი ფორმით.

გაერო-ს ბავშვის უფლებების კომიტეტი (CRC), თავის ზოგად კომენტარში #13, ეხება არასრულწლოვნის დაცვას ყველა ფორმის ძალადობისგან, მათ შორის, ინფორმაციის მიწოდებას საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გზით და აღნიშნავს, რომ ბავშვი, როგორც ინფორმაციის მიმღები, შესაძლოა, მოექცეს არასასურველი, აგრესიული, ძალადობრივი, შეცდომაში შემყვანი და პორნოგრაფიული რეკლამის ზემოქმედების ქვეშ. ამასთანავე, ბავშვის უფლებათა კომიტეტი მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებს, უზრუნველყონ არასრულწლოვნების დაცვა მასმედიით გავრცელებული სტიგმის შემცველი, ბავშვის ღირსებისა და პატივის შემლახველი ინფორმაციისგან.

სახალხო დამცველი გმობს ბავშვის სრულფასოვანი განვითარებისთვის საზიანო სარეკლამო პროდუქციაში არასრულწლოვანთა მონაწილეობის ფაქტს, ისევე, როგორც მათთვის მსგავსი შინაარსის სარეკლამო პროდუქციის ხელმისაწვდომობას და მიმართავს ამ სფეროში ჩართულ ყველა პროფესიონალს, არ შექმნან ბავშვისთვის არაკეთილსაიმედო მედიაგარემო.

სახალხო დამცველი მოუწოდებს შესაბამის სტრუქტურებს, შეისწავლონ აღნიშნული შემთხვევა და მოახდინონ კანონით განსაზღვრული რეაგირება.

სახალხო დამცველი მოუწოდებს მაღაზიათა ქსელ "საგას", დაუყოვნებლივ შეწყვიტოს აღნიშნული რეკლამის გავრცელება, ბავშვის უფლებების, მისი ჭეშმარიტი ინტერესებისა და არასრულწლოვანთა ნებისმიერი ფორმის ძალადობისა და მავნე ზეგავლენისგან დაცვის აუცილებლობის გათვალისწინებით", - ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.