2025 წლისთვის საქართველო ტურიზმის კონკურენტუნარიანობის ინდექსში 66-დან 35-ე პოზიციაზე გადანაცვლებას გეგმავს

2025 წლისთვის საქართველო ტურიზმის კონკურენტუნარიანობის ინდექსში 66-დან 35 პოზიციაზე გადანაცვლებას გეგმავს. აღნიშნულს "საქართველოს ტურიზმის სტრატეგია 2025" ითვალისწინებს, რომლის პრეზენტაციაც დღეს გაიმართა. სტრატეგიაში დასახულია შემდეგი განვითარების გეგმები: ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების გაზრდა არსებული დონიდან (1.8 მილიარდი აშშ დოლარი) 5.5 მილიარდ აშშ დოლარამდე; დარგის მიერ მთლიან შიდა პროდუქტში შეტანილი პირდაპირი წვლილი უნდა შეადგენდეს 6.7%-ს; თითო ვიზიტორის მიერ საშუალო დახარჯული თანხის გაზრდა 320 აშშ დოლარიდან 500 აშშ დოლარამდე; ტურიზმში დასაქმებული პირების რაოდენობის გაზრდა 85%-ით, 180,000-დან 333,564-მდე; ვიზიტის საშუალო ხანგრძლივობის გაზრდა 4,3 დღიდან 5,3 დღემდე; ტურიზმის სფეროში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 63%-ით გაზრდა (არსებული 559 მლნ აშშ დოლარიდან 910 მლნ აშშ დოლარამდე); დასავლეთ ევროპის, აზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის მაღალგადახდისუნარიანი ბაზრებიდან ვიზიტორთა რაოდენობის გაორმაგება.

რაც შეეხება საბაზისო და სამიზნე ინდიკატორებს, სტრატეგიის თანახმად, საერთაშორისო მოგზაურობები, რომლის რიცხვიც წელს 5 515 559-ს შეადგენს, 2025 წლისთვის 11 000 000 უნდა იყოს. როგორც ტურიზმის ახალ სტრატეგიაშია ნათქვამი, ამ მიზნის მისაღწევად, კერძოდ, მსოფლიო დონის ტურისტული პროდუქტების შესაქმნელად და საერთაშორისო მოთხოვნის სტიმულირების მიზნით, ქვეყანამ უნდა დაძლიოს შემდეგი გამოწვევები: მნიშვნელოვანი ტურისტული ბაზრებიდან მოსახერხებელი და ხელმისაწვდომი საჰაერო მიმოსვლის უზრუნველყოფა; ქვეყნის მასშტაბით მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზება ვიზიტორებისათვის, განსაკუთრებით ქალაქებს გარეთ, სადაც ტურიზმის განვითარების პოტენციალი ყველაზე მაღალია; ქვეყნის ყველაზე შთამბეჭდავ ტურისტულ ადგილებამდე მისასვლელი გზებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება; კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და სხვა კულტურული მნიშვნელობის აქტივების შენარჩუნება და მათი მისაწვდომობის, არსებული სერვისებისა და საინტერპრეტაციო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ადგილობრივი მოსახლეობის მიერ განათლების მიღების შესაძლებლობების გაუმჯობესება, რათა მათ შეძლონ, საერთაშორისო და ადგილობრივი ვიზიტორების მომსახურება მაღალ დონეზე; ტურიზმთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის (სასტუმროების, რესტორნების, მუზეუმებისა და ა.შ.) გაუმჯობესება და მოდერნიზაცია, განსაკუთრებით ზღვისპირა ადგილებში და სოფლებში; მონაცემთა შეგროვებისა და ანალიზის, ბაზრის კვლევისა და მარკეტინგის შესაძლებლობების გაუმჯობესება და სახელმწიფო და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის გაღრმავება ტურისტული პროდუქტის შექმნისა და მარკეტინგის კუთხით.